თბილისი, 5 მარტი — Sputnik. თეატრისა და კინოს პოპულარული რუსი მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო 10 მარტს თბილისში დაგეგმილ საქველმოქმედო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას 17 წლის მიხეილ სხვიტარიძის დახმარების მიზნით.
რუსი მსახიობი მონაწილეობას მიიღებს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე დადგმულ სპექტაკლში „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, რომელშიც ზურიკელას როლს შეასრულებს. ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.
სპექტაკლის შემდეგ ბონდარენკო ქართველ საესტრადო მომღერლებთან და ანსამბლ „სუხიშვილებთან“ ერთად გამოვა საქველმოქმედო კონცერტზე.
მიხეილ სხვიტარიძეს ხერხემლის ურთულესი ქრონიკული და პროგრესირებადი დაავადება, ოსტეოპოროზი აქვს, რომელიც ძვლის სიმტკიცის დაქვეითებითა და მოტეხილობების მაღალი რისკით ხასიათდება. 2007 წლიდან მან რვა ოპერაცია გადაიტანა.
მიხეილს ყოველ სამ თვეში ესაჭიროება სისხლის გადასხმა, ძვირადღირებული მედიკამენტებით მკურნალობა და ოპერაცია საზღვარგარეთ, ასევე სრულფასოვანი კვება, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს.
საქართველოში გამუდმებით ტარდება საქველმოქმედო ღონისძიებები მიხეილის დასახმარებლად, თანხა უცხოეთიდანაც შემოდის.
საქართველოში პოპულარულ რუს მსახიობს დახმარების თხოვნით ქართველმა აქტივისტებმა სოციალური ქსელით მიმართეს. სტანისლავ ბონდარენკო მაშინვე დაეთანხმა თხოვნას ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე.
ქველმოქმედებიდან შემოსული მთელი თანხა მიხეილ სხვიტარიძის სამკურნალოდ გადაირიცხება.
სტანისლავ ბონდარენკო ისეთი სერიალებისა და კინოფილმების ვარსკვლავია, როგორებიცაა: „სიყვარულის თილისმა“, „სასწაულის მოლოდინში“, „სიყვარულის სახელით, „კაპიტნის შვილები“, „ხაფანგი“, „დედაჩემი წინააღმდეგია“, „ლამაზმანები“, „პროვინციელი გოგონა“, „დამიბრუნე სიყვარული“ და მრავალი სხვა.