სალაყბოს ბოლო არაკი და დაშლა-არმოშლის სადღეგრძელო...

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხალხის რჩეულების გარჯა ოთხწლედის მიწურულს, საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები და თაროზე შემოდებული კანონპროექტები, გაწერილი ეთიკის ნორმები და გამკაცრებული სასჯელი...

რიონისპირა ქალაქში ხალხის რჩეულები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ… საქმეს, მეტადრე სალაყბოს რა გამოლევს და მათაც ბევრი იმსჯელეს და იკამათეს… საღამო ხანს სახელმწიფო ჰიმნი გაჟღერდა და საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტში საგაზაფხულო სესია მიილია… საშემოდგომოდ დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების თარიღის გათვალისწინებით უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ პრაქტიკულად დაასრულა მუშაობა. გული არ დაგწყდეს მკითხველო!.. რჩეულები არ არის გამორიცხული ზაფხულის თვეებშიც შეიკრიბონ და რიგგარეშე სესიის ფორმატში იმუშაონ.

„,,საარჩევნო კანონი ითვალისწინებს არჩევნებამდე ერთი თვით ადრე შესვენებას. თუ საჭირო გახდა, შესაძლოა ზაფხულის თვეებშიც რიგგარეშე სესიის რეჟიმში ვიმუშაოთ. თუმცა ამ ყველაფერზე მოგვიანებით გვექნება კონსულტაციები და მივიღებთ გადაწყვეტილებებს…“ ეს იმედისმომცემი სიტყვები პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს ეკუთვნის. 

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტმა მუშაობა დაასრულა

ერთი სიტყვით ეს ის შემთხვევაა, როცა დაიშალნბენ, თუმცა უცნობია მოიშალნენ თუ არა… ახლა უკვე შეფასებებისა და დასკვნების დროა. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ოთხწლიანი გარჯის არაკს ეს ერთი სტატია ვერ დაიტევს და ამიტომაც თქვენს ყურადღებას მხოლოდ დასკვნითი სესიის ამბებზე გავამახვილებ.  

საგაზაფხულო თავყრილობა ისე დაიშალა, რომ პარლამენტმა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გადაწყვეტილება ვერ მიიღო. უმრავლესობის ინიციატივა ქორწინების საკითხზე კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე კომიტეტებსა და პლენარულ სხდომაზე განიხილეს, თუმცა კენჭი არ უყრიათ და როგორც ასეთ დროს იტყვიან — კრება დარჩა მხიარული. პარლამენტმა ვერ დაამტკიცა „საერთო სასამართლოების შესახებ კანონში“ დაგეგმილი ცვლილებები და  მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების მესამე „ტალღა“ როდის „დაგვარტყამს“ არავის უწყის… საკანონმდებლო პაკეტის განხილვის პროცესი მესამე მოსმენაზე შეჩერდა. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ვერ თანხმდებიან შიდა წინააღმდეგობების გამო. კენჭისყრაზე არ დამდგარა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები. დეპუტატები ვერც ოპოზიციის და ვერც უმრავლესობის ვარიანტზე ვერ შეთანხმდნენ. შესაბამისად, მოქმედ პარლამენტს უფლებამოსილება ისე ეწურება, რომ ის ამ მიმართულებით კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელებას ვეღარ შეძლებს. პარლამენტარებს პლენარული სხდომის ფარგლებში არ უმსჯელით საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის შესახებ, რომელიც ფრაქცია „რესპუბლიკელებმა“ წარადგინეს… შენ ეს გვითხარი რა გააკეთეს, — შესაძლოა აღმოხდეს მკითხველს და ვიტყვი, რომ პარლამენტმა „საარჩევნო პერიოდში ეთიკის კოდექსი“ მიიღო.  დოკუმენტის მიხედვით, საარჩევნო პროცესის განმავლობაში, პოლიტიკური პარტიების მიერ დაცული უნდა იყოს დადგენილი თამაშის წესები და ეთიკური სტანდარტები, რაც  წარმოადგენს საზოგადოების ნდობის მოპოვების მნიშვნელოვან წინაპირობას და კარგი მმართველობის ერთ-ერთ უმთავრესს კომპონენტს. სახელმწიფომ ძალადობის აღკვეთის მიზნით, თავისი ექსკლუზიური ვალდებულების შესრულება უნდა უზრუნველყოს. ისე, ეს კარგი, მაგრამ საინტერესოა რამ განაპირობა და რა აუცილებლობით იყო ნაკარნახევი ახალი კოდექსის მიღება…  არაფერს ვიტყვი საარჩევნო და არასაარჩევნო პერიოდის ეთიკურ ნორმებს შორის სხვაობის მიზანშეწონილობის საკითხზე…

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერი პარლამენტში კენჭს გადადგომის გარეშე იყრის

მართვის ტრატეგიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე: „სამწუხაროდ, ხშირად, ჩვენში ნაცვლად მოქმედი კანონმდებლობის აღსრულებისა, ახალ კანონებს ღებულობენ. ამით ყოველი მორიგე მმართველი დაჯგუფება თავის ჭკუაში იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ მას უნდა უზრუნველყოს წესრიგი, დაიცვას დემოკრატია და თავისუფლება, დაიცვას ადამიანის უფლებები და ა.შ. არადა რომ უზრუნველეყოთ მოქმედი კანონების აღსრულება, შეუდარებლად უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა ქვეყანა. საქმე ისაა, რომ ტრადიციული დემოკრატიის ქვეყნებში ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება დამოუკიდებელ მას-მედიასთან ერთად აიძულებს ხელისუფლების ყველა შტოს დაიცვან კანონი და არ გამოიყენონ ჭარბად და ბოროტად საკუთარი ძალაუფლება. ჩვენ საზოგადოებას ჯერჯერობით ამის უნარი არ შესწევს…“  

მახსენდება ერთმა პოლიტოლოგმა სამართლიანად და მოხდენილად აღნიშნა, რომ კორცხელის ინციდენტმა გამოავლინა „ქოცების“ სრული უნიჭობა და „ნაცების“ ზებუნებრივი უტიფრობა. არ ვიცი, შესაძლოა ვცდები, მაგრამ მგონია, რომ სწორედ  ე.წ კორცხელის ფაქტორის გათვალისწინებით

პარლამენტარებმა საარჩევნო პროცესში ძალადობის თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით, მხარი დაუჭირეს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას და სისხლის სამართლისა და საარჩევნო კოდექსებში ცვლილებები შეიტანეს. სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა მუხლი, რომელიც, კინჭისყრის შენობაში, კომისიის განთავსების ადგილას ან მიმდებარე ტერიტორიაზე ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონოსძიებების დროს ძალადობრივ ქმედებაზე სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს. გადაწყვეტილების თანახმად საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნის გარეშე, პოლიციის ყოფნა დასაშვებია საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და არა საკუთრივ კენჭისყრის შენობაში. პოლიტიკური ტემპერატურის მატებისა და ჩვენში ყოველი არჩევნებისას შესაძლო ქვათასროლის გათვალისწინებით, ეს გადაწყვეტილება უთუოდ წაადგება ზოგადად საარჩევნო პროცესის მეტ-ნაკლებად მშვიდ ვითარებაში წარმართვას.

პარლამენტი - Sputnik საქართველო
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები დაიწუნა

პეტრე მამრაძე: „ყოველ არჩევნებზე ზოგიერთი პარტიის მხრიდან არის მცდელობა, რომ საკუთარი მარცხი მმართველი დაჯგუფების მიერ ორგანიზებულ გაყალბებას გადააბრალოს. ასეთი პარტიები არ ერიდებიან პროვოკაციებს არჩევნების დროს და შემდგომ დღეებშიც. ამით თავის სპონსორებს და მხარდამჭერებს უმტკიცებენ, რომ ბოლომდე იბრძოლეს, ხელისუფლების ძალადობასაც წინ აღუდგნენ და ბოლომდე შეასრულეს თავისი ვალდებულებები. მიღებული მკაცრი ნორმების აღსრულებამ შეიძლება მკვეთრად შეამციროს პროვოკაციების რაოდენობა და მასშტაბი. ცხადია, საჭირო იქნება ყველა კანონდარღვევის ვიდეო ფიქსაცია და შემდეგ ჩვენება, რომ ხალხში ეჭვები არ გაჩნდეს…“

პარლამენტის კიდევ ერთი გადაწყვეტილებით  არჩევნების პერიოდში ე.წ სპეცუბნების საკითხი რეგულირდება. დასამალი არ არის, რომ წლების მანძილზე, არჩევნებიდან არჩევნებამდე ყოველი სპეცუბანი მმართველი პოლიტიკური გუნდისთვის „ხმათა ბეღელი“ იყო. უფრო მეტიც, არც თუ იშვიათად ცალკეულ საარჩევნო ოლქებში ისინი სწორედ სპეცუბნების „ნადავლით“ გადიოდნენ ფონს. ახლა, შესაძლოა მკითხველს გაუკვირდეს კიდეც, მაგრამ უკვე მომავალი არჩევნებიდან იკრძალება სპეციალური უბნების შექმნა თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ქვედანაყოფების ტერიტორიაზე. ძალზედ არსებითია, რომ დაკონკრეტებულია და მავანთა ინტერპრეტაციას არ ექვემდებარება იმ გამონაკლისების ჩამონათვალი, სადაც ჯერ კიდევ რჩება სპეცუბნების შექმნის შესაძლებლობა — პენიტენციური დაწესებულება, სათნოების სახლი, საავადმყოფოები.

პეტრე მამრაძე: „ეს ნამდვილად მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. ამაზრზენი იყო შუალედური არჩევნები საგარეჯოში, სადაც თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის ხელმძღვანელობით მაქსიმალურად გამოიყენეს ადმინისტრაციული რესურსი და მხოლოდ ამ რესურსის მეშვეობით,,გაიმარჯვა’’ რესპუბლიკელების კანდიდატმა ხიდაშელმა. პრესაში აღინიშნა, რომ ხიდაშელმა ირმა ინაშვილს სწორედ საგარეჯოში ჩაყვანილი სამხედროების ხმებით აჯობა. ეს ყველაფერი ჩვენი ვეტერანი სამხედროებისაგან გავიგე და სწორედ მათ მითხრეს, რომ ეს ამაზრზენი იყო და რომ ჯარის გამოყენება ბინძური მიზნებისათვის უნდა აღიკვეთოს. ვფიქრომ საგარეჯოს ინციდენტმა დაანახა,,ოცნებას’’, რომ ასეთი რამ მათთვისაა საზიანო…“

სხვა მეტი რა გითხრათ, რითი გაგახაროთ? ოთხი წელი გაილია… ხალხის რჩეულებს სალაყბო თუ არა საკეთებელი ნამდვილად  ბევრი დარჩათ… მოვა ოქტომბერი და სალაყბოში ძველ, უკვე კარგად ნაცნობ მოლაყბეებთან ერთად ახლებიც მოხვდებიან… ცუდი ის არის, რომ მხოლოდ ლაყბობით სოფელი არ შენდება…  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0