თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით საარჩევნო კოდექსში შესწორებები დაამტკიცა, რომლებიც პრემიერ-მინისტრს გადადგომის გარეშე საკონონმდებლო ორგანოში კენჭისყრის უფლებას აძლევს.
შესწორებებს მხარი 150-დან 79-მა დაუჭირა, წინააღმდეგი მხოლოდ ერთი იყო.
შესწორებების მიღების წინააღმდეგ ოპოზიციის წარმომადგენლები გამოვიდნენ, რომლებიც ხელისუფლების წარმომადგენლებს იმაში ადანაშაულებდნენ, რომ ისინი საარჩევნო კანონმდებლობას პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილზე არგებენ.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის საარჩევნო სიაში ნომერ პირველი სწორედ კვირიკაშვილი გახდება.
„როდესაც გამარჯვებული პოლიტიკური გუნდი მთავრობას აყალიბებს, აბსოლუტურად ნორმალურ მიდგომად ითვლება ის, რომ პრემიერს არ სჭირდება გადადგომა იმისათვის, რომ საარჩევნო სიის სათავეში იყოს, ან თავისი პარტიის მხარდასაჭერად გარკვეული აქტივობები განახორციელოს. ასე ხდება ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში, და ჩვენ არანაირი ნოუ-ჰაუ არ მოგვიგონია“,-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ ჟურნალისტებთან ინტერვიუში.
საარჩევნო კოდექსში შესწორებების თანახმად, ყველა მინისტრი და ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი, პრემიერ-მინისტრის გარდა, უნდა გადადგნენ. ეს იმის მეორე დღეს უნდა მოხდეს, როდესდაც სიები ცესკო-ში შევა.