უპრეცედენტო გადაწყვეტილება, გამოწვევა, რთული გამოცდა, სიმტკიცე და ერთიანობა, ევროპული ღირებულებების ერთგულება… ეს და მათი მსგავსი სიტყვები, გნებავთ სინონიმები ახლა ევროპელი ლიდერების თუ უცხოელი ანალიტიკოსების რიტორიკაში, შეფასებებსა და განცხადებებში ყველაზე ხშირად გვხვდება და ვფიქრობ არც არის გასაკვირი… ბრიტანელების არჩევანმა დაასრულა ერთი ეპოქა და გაამძაფრა ევროპის მომავალზე ფიქრი.
რა იქნება ხვალ? ვიდრე თანამედროვე მსოფლიო, განსაკუთრებით კი ევროპული ოჯახის წევრები და ევროკავშირში დამკვიდრების მსურველი სახელმწიფოები ამ კითხვაზე პასუხს ეძებენ, ევროპის დედაქალაქში ოფიციალური ლონდონიდან დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ განაცხადის მიღებას ელიან.
„ახლა ჩვენ ველით, რომ გაერთიანბეული სამეფოს მთავრობა ბრიტანელი ხალხის გადაწყვეტილებას განახორციელებს და რაც შეიძლება მალე, რამდენად მტკივნეულიც არ უნდა იყოს ეს პროცესი. ნებისმიერი შეყოვნება გაურკვევლობას გაახანგრძლივებს", — ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.
დოკუმენტს ხელს აწერენ ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ევროპარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულცი და ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე.
ევროპელი ლიდერები აღნიშნავენ, რომ ევროპული ოჯახი დიდი ბრიტანეთის უპრეცედენტო გადაწყვეტილების წინაშე ერთიანია.
„თავისუფალ და დემოკრატიულ პროცესში ბრიტანელმა ხალხმა გამოხატა თავისი სურვილი, დატოვოს ევროკავშირი. ჩვენ ვწუხვართ ამ გადაწყვეტილების გამო, თუმცა პატივს ვცემთ მას. ეს უპრეცედენტო ვითარებაა, თუმცა ჩვენ ერთიანი ვართ რეაგირებაში. ჩვენ მტკიცედ ვიდგებით და დავიცავთ ევროკავშირის მთავარ ღირებულებებს, რაც ორგანიზაციის მოსახლეობის მშვიდობისა და კეთილდღეობის დაცვას გულისხმობს. ოცდაშვიდი წევრი სახელმწიფოს კავშირი გაგრძელდება. ეს კავშირი ჩვენი ერთობლივი პოლიტიკური მომავლის ჩარჩოა. ჩვენ ყველა დაკავშირებული ვართ ერთმანეთთან ისტორიით, გეოგრაფიით, საერთო ინტერესებით და ამ საფუძველზე განვავითარებთ ჩვენს თანამშრომლობა…"
ევროკავშირის ლიდერები სრულ მზადყოფნას გამოთქვამენ, ლისაბონის ხელშერულების 50-ე მუხლის შესაბამისად დიდ ბრიტანეთთან მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე.
ბებერი კონტინენტის მომავალზე ჩაფიქრებულებს ზესახელმწიფოთა ლიდერების განცხადებებმაც მოუსწრო. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ პატივს სცემს ბრიტანელების გადაწყვეტილებას ევროკავშირის დატოვების შესახებ. მისი თქმით, რეფერენდუმის შედეგები ორი ქვეყნის ურთიერთობებს არ დააზარალებს.
„დიდი ბრიტანეთის მოსახლეობამ საკუთარი ნება გამოხატა და ჩვენ ამ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. გაერთიანებული სამეფო და ევროკავშირი აშშ-ის შეუცვლელ პარტნიორებად დარჩებიან იმის მიუხედავად, რომ ისინი ერთმანეთთან ურთიერთობების გადახედვას იწყებენ…”, — ნათქვამია თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საგულისხმოა, რომ 23 ივნისის რეფერენდუმამდე ბარაკ ობამა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას უჭერდა მხარს. აპრილში ბრიტანულ გამოცემა Daily Telegraph-ში ბარაკ ობამას წერილიც გამოქვეყნდა, რომელშიც ის ქვეყნის ევროკავშირში დარჩენის უპირატესობებზე საუბრობდა. სტატიამ დიდ ბრიტანეთში მოსახლეობისა და პოლიტიკოსების ნაწილის კრიტიკა გამოიწვია, რადგან მათ წერილი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად შეაფასეს.
რეფერენდუმის შედეგების გამო მწუხარება გამოთქვა ვიცეპრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა. „უნდა ვთქვა, რომ ჩვენ სხვა შედეგებს ველოდით. თუმცა გაერთიანებულ სამეფოსთან დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს და ეს განსაკუთრებული ურთიერთობა შენარჩუნდება…“
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მიიჩნევს, რომ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლას როგორც მსოფლიოსთვის, ისე რუსეთისთვის კონკრეტული შედეგები ექნება. კრემლის ლიდერის თქმით, რუსეთი ეკონომიკისთვის "ბრექსითის" ნეგატიური შედეგების მინიმიზაციისგენ მიისწრაფვის. „არანაირ გლობალურ კატასტროფას ამასთან დაკავშირებით არ ველით. რა თქმა უნდა, ყურადღებით დავაკვირდებით მოვლენებს და საჭიროების შემთხვევაში, ეკონომიკურ პოლიტიკას დავაკორექტირებთ, დავაკორექტირებთ ჩვენს ურთიერთობებს ევროპელ პარტნიორებთან.“ რუსეთის პრეზიდენტმა გააკრიტიკა დევიდ ქემერონის განცახდება. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლა მოსკოვისთვის სარგებლის მომტანია. დევიდ ქემერონის ამ განცხადებას ვლადიმერ პუტინმა „პოლიტიკური კულტურის გამოვლინების დაბალი დონე" უწოდა.
ევროპული ოჯახიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის პროცედურა მალე დაიწყება, — ასე ფიქრობს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი.
„ბრიტანელმა ხალხმა რეფერენდუმის გზით გადაწყვიტა ევროკავშირის დატოვება. ეს მტკივნეული არჩევანია. მე ვწუხვარ გაერთიანებული სამეფოსა და მთელი ბრიტანეთისთვის. თუმცა ეს მათი არჩევანია, ჩვენ მას პატივი უნდა ვცეთ და შედეგები გავითვალისწინოთ. გაერთიანებული სამეფო აღარ იქნება ევროკავშირის წევრი. ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროცედურა მალე დაიწყება. ბრიტანელი ხალხის არჩევანი ევროპისთვის რთული გამოცდა იყო…“
ჩაფიქრებულ ევროპას გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ გლობალიზირებულ სამყაროში სახელმწიფოებს გამოწვევებთან დამოუკიდებლად გამკლავება გაუჭირდებათ. „დღევანდელი დღე ევროპისთვის გარდამტეხი მომენტი გახდა, გარდამტეხი გახდა გაერთიანების ევროპული პროცესისთვის…“, — განაცხადა ანგელა მერკელმა და მანვე დასძინა, რომ მის ქვეყანას ევროკავშირის წარმატებაზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება… შესაძლოა ამიტომაც გერმანიის კანცლერი საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და იტალიის პრემიერ-მინისტრი მატეო რენცი სულ მალე, სწორედ ბერლინში შეიკრიბებიან და სამომავლო მოქმედების გეგმას იქ განიხილავენ.
ერთი სიტყვით ევროპელი პოლიტიკოსები, თავად ევროკავშირის მესვეურები, პოლიტოლოგები და ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ახლა ევროპამ უნდა აჩვენოს სიძლიერე და რაც მთავარია მოსალოდნელ ეკონომიკურ, ფინანსურ სირთულეებთან და რისკებთან გამკლავების უნარი.
რეფერენდუმის შედეგით გამოწვეული პოლიტიკური „ეფექტი“ მომავალში უფრო მკაფიოდ იჩენს თავს. რაც შეეხება ეკონომიკას და ფინანსებს, პირველი „ყლორტები“ უკვე სახეზეა.
რეფერენდუმის ჯერ კიდევ წინასწარი შედეგების გამოცხადებისთანავე, ბრიტანული ფუნტის კურსი დოლართან მიმართებაში 1985 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა. ბრიტანული სიამაყის ბედი ევროკავშირის ოფიციალურმა ვალუტამ — ევრომ გაიზიარა და ამერიკულ დოლართან მიმართებაში დაახლოებით სამი პროცენტით გაუფასურდა. რყევები დაფიქსირდა აზიურ საფონდო ბირჟებზე და ბოლოს რეფერენდუმის შედეგი შავი ოქროს ფასებზეც აისახა. 1 ბარელი Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ექვსი პროცენტით შემცირდა და როგორც ექსპერტ-ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ეს პროცესი ერთხანს კიდე გაგრძელდება…
ამასობაში დაფიქრებულია ყველა ის ვისთვისაც აქტუალურია პასუხი კითხვაზე — რა იქნება ხვალ?
ეს ის შემთხვევაა, როცა პასუხი უნდა ვეძიოთ დროსა და სივრცეში… ამიტომ მოლოდინს არა აქვს ალტერნატივა… ჩვენც ვნახოთ, დაველოდოთ და მერე ერთად ვიმსჯელოთ ბებერი კონტინენტის ვნებებზე…