თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. საქართველოში შეიქმნა ტურისტულად მნიშვნელოვანი, კულტურული და სხვა ღონისძიებების დაგეგმვის საბჭო-ხუთშაბათს სხდომაზე მთავრობამ დაამტკიცა სტრუქტურის დებულება.
მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოს პრომოციას და, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება დაფინანსდა, აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
„ამ პროცესის კიდევ უფრო დახვეწისა და კერძო სექტორის ჩართულობის მიზნით, იქმნება საბჭო, რომელშიც შევლენ, როგორც მთავრობის წარმომადგენლები, ასევე ბიზნესის წარმომადგენლები, მსხვილი ტურისტული კომპანიების, სასტუმროების ქსელების და ასეთი ტიპის კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მათთან ერთად, სახელმწიფო ბიუჯეტირების პროცესის პარალელურად, მოხდება მომავალი წლის კალენდრისა და დასაფინანსებელი ღონისძიებების პრიორიტეტების განსაზღვრა“,-ციტირებს კვირიკაშვილის სიტყვებს პრემიერის პრეს-სამსახური.
ამიტომ მნიშვნელოვანია, საბჭომ იმუშაოს ეფექტიანი ინსტიტუციური მექანიზმის შექმნის მიმართულებითაც. სავარაუდოდ, შეიქმნება არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც არ უნდა იყოს მომგებიანი ორგანიზაცია, აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
კვირიკაშვილის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც სასტუმრო ქსელების, ისე ტურისტებისთვის წინასწარ იყოს ცნობილი, როგორი კულტურული და გასართობი კალენდარი იქნება ქვეყანაში, რათა წინასწარ დაგეგმონ საკუთარი დასვენება.
„წელს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა და კიდევ ხორციელდება. ზაფხულის განმავლობაში გათვალისწინებულია ძალიან კარგი პროგრამა, თუმცა ასევე გამოიკვეთა ხარვეზები და ვფიქრობთ, მთელი ამ პროცესის დახვეწისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, კერძო სექტორის ჩართულობა ამ პროცესში, სახელმწიფოსთან ერთად, იყოს უზრუნველყოფილი", — აღნიშნა პრემიერმა.
ერთერთი მასშტაბური პროექტი, რომელსაც საქართველოს მთავრობა საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით წელს ახორციელებს- Check in Georgia, დაიწყო აპრილში და წლის ბოლომდე გაგრძელდება.
ღონისძიებათა სერია, რომლის დროსაც სხვადასხვა ფესტივსლები, გამოფენები და კონცერტებია დაგეგმილი, მთელ საქართველოს მოიცავს. თბილისში უკვე გამოვიდნენ ეროს რამაზოტი და რობი უილიამსი, ბათუმში Maroon 5, ქუთაისში ჰოსე კარერასი. ამის შემდეგ გეგმაშია The Prodigy, ქრის ბრაუნის და სხვა მსოფლიოს ცნობილი შემსრულებლების კონცერტები.
საქართველოს ხელისუფლებამ მიზნად დაისახა წლის განმავლობაში ქვეყანა კულტურულ ცენტრად აქციოს, ტურისტთა დიდი რაოდენომა მოიზიდოს, ადგილობრივ წარმოებას და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას ხელი შეუწყოს.
პროექტი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს, მისი პროგრამა კი ყოველ წელს უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდება, აღნიშნავენ ორგანიზატორები.