თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. საქართველო ჰოლივუდის ობიექტივში შეიძლება მოხვდეს — კინოგადაღებების კუთხით ქვეყნის პოტენციალს ცნობილი, ჰოლივუდის ლოკაციის მენეჯერები და პროდუსერები სწავლობენ, იუწყებიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.
ცნობილი ჰოლივუდელი კინომწარმოებლების წარმომადგენლები, რომლებსაც ისეთ ფილმებზე აქვთ ნამუშევარი, როგორებიცაა: „ტრანსფორმერები", "კაპიტან ამერიკა", "ქურდების ქალაქი", "მკვლელი", „შეუსრულებელი მისია”, ექვსი დღის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებს დაათვალიერებენ და მათთვის საინტერესო ლოკაციებს გაეცნობიან.
ამ პერიოდში ისინი თბილისს, რუსთავს, კახეთს, მცხეთას, ყაზბეგს, უფლისციხეს, წყალტუბოს, ზუგდიდსა და მესტიას, ასევე ანაკლიასა და ბათუმს მოინახულებენ. ამის შემდეგ მათ რეკომენდაციებზე დაყრდნობით საქართველოში ახალი ფილმების გადამღები ჯგუფები ჩამოსვლას შეძლებენ, განაცხადეს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში.
ვიზიტისას ჰოლივუდის წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს შეხვდებიან, იუწყებიან საქართველოს ეკონომიკია და მდგრადი განვითარების სამინისტროში.
საქართველოთი დიდი დაინტერესება მოჰყვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და ქართველი საპროდიუსერო კომპანიების წარმომადგენლების მონაწილეობას აშშ-ში, ლოს-ანჯელესში გამართულ მსოფლიო დონის ლოკაციების გამოფენაზე.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა ლოს-ანჟელესში ჰოლივუდის კინოკომპანიებს „გადაიღე საქართველოში“პროექტის უპირატესობების შესახებ ესაუბრნენ, ნათქვამია უწყების საიტზე. ახალი ქართული პროექტის დეტალები Paramount Pictures, NBC universal, Universal Pictures, Warner Brothers, HBO და Fox-ის წარმომადგენლებმა გაიცნეს.
ქართველმა დელეგაციამ Disney-ს დაინტერესება შეძლო. Disney-ს ჰოლდინგის ორი კომპანიის წარმომადგენლები Marvel Entertainment LLC და ABC Television Group-ქართული პროექტის დეტალების გასაცნობად საქართველოში ვიზიტს გეგმავენ.
ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნეს,რომ პროგრამისადმი „გადაიღე საქართველოში“ ინტერესი საკმაოდ მაღალია. უკვე შემოსულია 3 განაცხადი, რომლის შედეგადაც საქართველოში ჯამურად 5 700 000 ლარამდე თანხა დაიხარჯება.
პროგრამის ფარგლებში უკვე მიმდინარეობს ინდური ფილმისა და ქართულ-გერმანული პროექტების გადაღებები, დაგეგმილია ამერიკული პროექტის განხორციელება.
საქართველომ „გადაიღე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში ამა წლის იანვარში ნაღდი ფულისდაბრუნების მექანიზმი დანერგა(cash rebate), რაც კინომწარმოებლებისათვის ქვეყანაში დახარჯული ბიუჯეტიდან კვალიფიციური ხარჯების 25%-მდე უკან დაბრუნებას ითვალისწინებს.
საქართველოს ხელისუფლებას მიაჩნია, რომ პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას, უცხოელი კინომწარმოებლების მოზიდვას, ტურიზმის ზრდას, ეკონომიკურ ზრდასა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.
საქართველოში დარწმუნებულები არიან, რომ „გადაიღე საქართველოში“ დაეხმარება ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, ადგილობრივი კინოინდუსტრიის წარმომადგენელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებას, ასევე იმ დარგების განვითარებას, რომლებიც დაკავშირებულია მხატვრული და სატელევიზიო ფილმების, ტელესერიალების, ანიმახიური და დოკუმენტური ფილმების შექმნასთან.
„გადაიღე საქართველოში“ შეიმუშავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთობლივად.
პროექტს განახორციელებს ეკონოკიკის სამინისტროსთან არსებული მეწარმეობის განვითარების სააგენტო ეროვნულ კინოცენტრთან ერთად.