გრძელვადიანი სესხები ლარში... მითი თუ რეალობა?..

© photo: Sputnikლარი
ლარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღმასვლის დასასრული და დაღმასვლის დასაწყისი, თუ დროებითი პროცესი? არითმეტიკული გათვლები და ლარის გაყოჩაღების პერსპექტივა...

აღმასვლას დაღმასვლა მოსდევს და დაღმასვლას აღმასვლა…  ბანალური ჭეშმარიტებაა, მაგრამ სიტყვათა ეს წყობა ყველაზე ზუსტად ასახავს ბოლო წელიწადნახევრის მანძილზე ლარის უცხოურ ვალუტასთან შეფარდების დინამიკას. სიღრმისეული ანალიზი და განვლილი პერიოდის დეტალური აღწერის გარეშეც მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული სიამაყე დიდხანს ფსკერისკენ მიექანებოდა და თავისუფალი სტილით ცურვაში მისივე ადრინდელი „რეკორდი“ გააუმჯობესა.

ამა წლის ზამთარ-გაზაფხულის გზათგასაყარზე დაღმასვლა თანდათან დასრულდა. ამერიკულ დოლართან მიმართებაში ლარის კურსმა ჯერ სტაბილურობას მიაღწია, შემდეგ კი აღმასვლა დაიწყო და ლარი, ბევრისთვის მოულოდნელად, სწრაფი ტემპით მყარდებოდა. ამავე დროს, კიდევ ერთი საინტერესო და, რაც მთავარია, პოზიტიური ტენდენცია გამოიკვეთა. ლარის გამყარების მიზნით, ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებიდან არც ერთი ცენტი არ დახარჯულა, პირიქით — ის თანდათან ივსებოდა. წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონებზე ჯამურად 195 მილიონი აშშ დოლარი შეიძინა.

აშშ დოლარი - Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონზე აშშ დოლარის შეძენას კვლავ აგრძელებს

ექსპერტ-ანალიტიკოსების უმრავლესობამ ეს პროცესი დადებითად შეაფასა და განმარტა, რომ ქვეყნის მთავარმა საფინანსო ინსტიტუტმა ჭარბი დოლარის ამოღება ლარის გაუფასურების რისკების შემცირების ხარჯზე დაიწყო… თუმცა, უკვე რამდენიმე დღეა, სავალუტო ჯიხურების შუქფარებზე ციფრები არა ლარის სასარგებლოდ იცვლება. ეროვნულმა ვალუტამ პოზიციები დათმო და კვლავაც ნელი ტემპით დაიწყო დაღმასვლა.

ეს დროებითი პროცესია — ასე მიაჩნიათ ექსპერტებს, რომლებიც მოკლევადიან პერიოდში ლარის კურსის გამყარებას პროგნოზირებენ, თუმცა, აღნიშნავენ, რომ, ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დოლარიზაციის ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ამავე საკითხზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 7%-მდე დაწია

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე: „საქართველოში საკმაოდ მაღალია დოლარიზაცია და ჩვენ ვდგამთ გარკვეულ ნაბიჯებს იმისთვის, რომ ეს შევამციროთ, რათა მომავალში, იმ შემთხვევაში, თუ უარყოფითი შოკები იქნა, ისეთი მტკივნეული არ იყოს ამის გადატანა მოსახლეობისთვის, როგორიც გასულ წელს იყო. გვინდა, რომ რაც შეიძლება, უფრო მეტად ხელმისაწვდომი იყოს გრძელვადიანი ლარის სესხები ქვეყანაში…“
მთავარმა ბანკირმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ეროვნული და უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნათა ნორმების კორექტირების თაობაზე საბანკო სექტორში დედოლარიზაციას ისახავს მიზნად. მნიშვნელოვანია, რომ ამავე შეხვედრაზე მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხიც განიხილეს.
კობა გვენეტაძე: „ვფიქრობთ, რომ ეს მნიშვნელოვანია კომერციული ბანკებისთვისაც, რადგან, რაც უფრო მეტი კმაყოფილი მსესხებელი ეყოლება ბანკებს, მით უფრო უკეთესი იქნება ეს კომერციული ბანკებისთვის. გვინდა, რომ უფრო გახსნილები იყვნენ, უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდონ თავიანთ მომხმარებლებსა და სესხის ამღებებს. გვინდა, გარკვეული ცვლილებები შევიტანოთ წესში, რომელიც ითვალისწინებს მომხმარებლებისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებას…“
ლარის კურსის მორიგი რყევები ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის ყოველწლიური ანგარიშის განხილვის პროცესს დაემთხვა და საბანკო სექტორში დოლარიზაციის მაღალ მაჩვენებელზეც გამახვილდა ყურადღება. „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა დავით ონოფრიშვილმა აღნიშნა, რომ ლარის კურსის „თამაში“ მძიმედ აისახება მოქალაქეებზე, ვისაც სესხები აშშ დოლარში აქვთ აღებული. დასძინა, რომ პრობლემური კრედიტები საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საბანკო სისტემის, არამედ ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას და დაინტერესდა გრძელვადიანი კრედიტების ეროვნულ ვალუტაში გაცემის შესაძლებლობის საკითხით.
დოლარი - Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეებს სესხები უიაფდებათ!...
 
დავით ონოფრიშვილი: „ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს პრაქტიკა და რატომ არ შეიძლება ჩვენთანაც იყოს — როცა ადამიანი ბანკში მიდის, ბანკი მას გარკვეულ სესხებს ლარში სთავაზობს, მაგრამ, თუ რაღაც სესხის აღება უნდა, ეუბნება, რომ დოლარში უნდა აიღოს. ხომ არ არის ის დრო მოსული, რომ ადამიანს არ ეუბნებოდნენ უარს, თუკი მას სესხის აღება ლარში უნდა. ვთქვათ, 100 ათას ლარამდე სესხები ლარში გაიცეს. ამით მომხმარებელი თავს დაიცავს იმისგან, რომ გაცვლითმა კურსმა მასზე მნიშვნელოვნად არ იმოქმედოს და დოლარიცაზიის კუთხითაც გაუმჯობესდება მდგომარეობა…“
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა გაიზიარა მოსაზრება, რომ საბანკო სექტორში დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა და დასძინა, რომ მას კომპლექსური მიდგომა სჭირდება. 
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი: „2015 წელს სესხების დოლარიზაცია მცირდებოდა, ლარიზაცია კი იზრდებოდა და ეს ტენდენცია ახლაც გრძელდება. წლის მეორე ნახევარში დეპოზიტების დოლარიზაცია გაიზარდა. ეს კომპლექსური პრობლემაა და მას კომპლექსური მიდგომა სჭირდება. ჩვენ გვაქვს გარკვეული ღონისძიებები, რასაც ვახორციელებთ. მთავრობასთან ერთად დამატებით ზომებზე ვმუშაობთ. ჩვენი მიზანია, ლარში სესხის გაცემა მიმზიდველი გავხადოთ — ბანკს არ უნდა ეშინოდეს სესხის ლარში გაცემა, ხოლო მსესხებელს — სესხის ლარში მიღება. ჩვენი ხედვა მნიშვნელოვნად ემთხვევა იმას, რაზეც თქვენ საუბრობთ. პირადად ჩემი პოზიციაც ანალოგიურია…“
უახლოეს პერიოდში დოლარიზაციის მაჩვენებლის შემცირების აუცილებლობაზე ღიად საუბრობენ ექსპერტები, რომლებიც აღნიშნავენ: თუ ვაღიარებთ, რომ ქვეყანაში დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელია, თუ აპრიორი ასევე ვაღიარებთ, რომ დოლარიზაცია არის მთავარი პრობლემა, მაშინ დოლარიზაციის შემცირების კუთხით გარკვეული ნაბიჯები უნდა გადაიდგას.
ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო
ექსპერტი: რეფინანსირების განაკვეთის ზრდა საქართველოს ეკონომიკაზე არ აისახება

ექსპერტი ლევან კალანდაძე:
„ეს, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ნიშნავს გრძელვადიან პერიოდში გაწერილი გარკვეული მონეტარული ღონისძიებების გატარებას, რამაც ხელი უნდა შეუწყოს იმას, რომ დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებლით გამოწვეული ტვირთი საზიანო არ იყოს ჩვენი საზოგადოებისა და ბიზნესისთვის…“
ექსპერტი აღნიშნავს, რომ პოზიტიური მოლოდინის საფუძველი არსებობს, რადგან ეროვნული ბანკი ახლა ეფექტურად მუშაობს და თავად ეკონომიკაშიც დადებითი ტენდენციაა. მაკროეკონომიკური და მონეტარული მაჩვენებლების გაუმჯობესებას ეკონომიკური აქტივობის ზრდა და ლარზე მოთხოვნის გაზრდა განაპირობებს, რისი საფუძველიც სავალუტო შემოდინებების გაზრდილი მაჩვენებელია.
ლევან კალანდაძე: „ჩვენ გაზრდილი გვაქვს სავალუტო შემოსავლები ტურიზმიდან და უცხოელი ვიზიტორებიდან, ფულადი გზავნილების მოცულობა, ინვესტიციები, რაც ბუნებრივად იწვევს წინა პერიოდებთან შედარებით ქვეყანაში დოლარზე მოთხოვნის შემცირებასა და ლარზე მოთხოვნის ზრდას. ეროვნული ბანკი დღეს გაცილებით ეფექტიანია, ვიდრე წინა პერიოდში – მისი პოლიტიკა ამჯერად მიმართულია ქვეყანაში ზოგადად ფინანსური სტაბილიზაციის უზრუნველყოფაზე და არა ექსკლუზიურად მხოლოდ ინფლაციის თარგეთირებაზე. ქვეყნის ეროვნულმა ბანკმა დაიწყო სწორი ანტიციკლური მონეტარული პოლიტიკის გატარება, განხორციელდა ცვლილებები კომერციული ბანკების სარეზერვო განაკვეთებში, რაც საშუალო ვადიანი პერიოდისთვის ლარიზაციის ზრდის ხელისშემწყობი მნიშვნელოვანი ნაბიჯია..“
რამდენად რეალურია ე.წ. საბანკო საკრედიტო პაკეტში აშშ დოლარის ქართული ლარით ეტაპობრივი ჩანაცვლება, ამას დრო გვიჩვენებს. თუმცა, მარტივი არითმეტიკული გათვლების გარეშეც ნათელია, რომ ეს მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როცა ლარი უპირველესად საბანკო სადეპოზიტო პაკეტში გახდება მოთხოვნადი. ანუ ეროვნული ვალუტა დაგროვების ფუნქციას დაიბრუნებს და განიმტკიცებს.

ყველა ახალი ამბავი
0