თბილისში გოგირდის აბანოები პროტესტის ნიშნად დაიხურა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliგოგირდის აბანოები
გოგირდის აბანოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გოგირდის აბანოების მფლობელები წყლის ტარიფის შემცირებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ მათ განზრახ აკოტრებენ.

თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. თბილისის გოგირდის აბანოები წყლის მაღალი ტარიფის გამო პროტესტის ნიშნად სამი დღით დახურეს.

აბანოების მფლობელები აცხადებენ, რომ სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე ისინი წყლის გამანაწილებელ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს” (GWP) წყლის მოხმარებისთვის ფიქსირებულ შეღავათიან ტარიფს უხდიდნენ, მაგრამ მენეჯმენტის შეცვლის შემდეგ კომპანიამ ახალი ტარიფის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვით, გადასახადი თანხა ძველ ტარიფთან შედარებით 15-ჯერ მეტია.

„მოვითხოვთ, რომ თბილისის მერია და მარეგულირებელი კომისია პროცესში ჩაერთონ. კომპანია GWP-ს მხოლოდ ფული აინტერესებს. ის თბილისის გოგირდის აბანოებს ატერორებს. მათ შექმნეს კაბალური პირობები და მხოლოდ წელიწადნახევარში ჩემი კომპანიის დავალიანებამ დაახლოებით 120 ათასი ლარი შეადგინა“, — განაცხადა შპს „ნარიყალას“ დირექტორმა ნოდარ ტოტოღაშვილმა.

გოგირდის აბანოები - Sputnik საქართველო
GWP: ისტორიული გოგირდის აბანოების დახურვა არ შეიძლება

გოგირდის ექვსივე აბანოს ვალი დაახლოებით 400 ათას ლარს შეადგენს.

ტოტოღაშვილი ირწმუნება, რომ GWP გოგირდის აბანოების მფლობელებს მიზანმიმართულად აკოტრებს.

„მთელი ამ წელიწადნახევრის განმავლობაში ცივილიზებული მეთოდებით ვცდილობდით მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას და კონკრეტული, რეალური გადაწყვეტილების მიღებას. ჩვენი დავალიანება დღითიდღე იზრდება. მათი განცხადება, რომ მზად არიან მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ, მხოლოდ ქაღალდზე რჩება. ისინი ცდილობენ დრო გააჭიანურონ, რადგან დრო მათ სასარგებლოდ მუშაობს და დავალიანება მხოლოდ იზრდება“, — აღნიშნა ტოტოღაშვილმა.

GWP-მ მარტში სასამართლოში გოგირდის აბანოების მფლობელების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და მათი მხრიდან დავალიანების გადახდა მოითხოვა.

„მორიგი სასამართლო პროცესი 7 ივლისს არის დანიშნული. სასამართლო მოგვიწოდებს, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და მივიღოთ გადაწყვეტილება, რაზეც GWP არ მოდის. ჩვენ ნებისმიერ დროს მზად ვართ კომპანიასთან გონივრული ტარიფის დადგენის შესაძლებლობა განვიხილოთ, რომლის გადახდასაც გოგირდის აბანოები შეძლებენ“, — აღნიშნა ტოტოღაშვილმა.

აბანოთუბანი - Sputnik საქართველო
გოგირდის აბანოები და სტინგის თბილისური არდადეგები

ამასთან, მან დავალიანების გადანაწილებას მიუღებელი უწოდა, რადგან მფლობელებს ამ შემთხვევაშიც არ შეუძლიათ GWP-ის დავალიანების გასტუმრება.

თუ გოგირდის აბანოების მფლობელები 24 ივნისამდე GWP-სთან შეთანხმებას ვერ შეძლებენ, ისინი აბანოების გაურკვეველი დროით დახურვას აპირებენ.

უფრო ადრე კომპანია GWP-მ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ წყლის ტარიფს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული მარეგულირებელი კომისია ადგენს და მისი შეცვლა მხოლოდ ერთი ორგანიზაციისთვის შეუძლებელია. უფრო მეტიც, გოგირდის წყალი ქიმიურად აქტიური ნაერთია, რაც კომპანიის ინფრასტრუქტურას ზარალს აყენებს.

კომპანია აცხადებს, რომ GWP-მ შეისწავლა აბანოების საქმიანობა და გამოარკვია, რომ წყლის დანახარჯი მთლიანი ბრუნვის 5%-ს არ აღემატება.

ყველა ახალი ამბავი
0