თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. წყალგამანაწილებელი კომპანია Georgian Water and Power-ი (GWP) გოგირდის აბანოების მფლობელებს, რომლებიც დავალიანების გადახდაზე უარს აცხადებენ, მოუწოდებს, არ დახურონ ობიექტები.
გოგირდის ერთ-ერთი აბანოს მფლობელმა ნოდარ ტოტოღაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საპროტესტო აქციებს განაახლებენ და აბანოების დაკეტვით დაიმუქრა. დავალიანების ჩამოწერის მოთხოვნით მარტში გამართული აქციები მას შემდეგ შეწყდა, რაც GWP-მ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
„მსგავსი შინაარსის განცხადება არის ჩვეულებრივი შანტაჟი, რომელიც ემსახურება არა მხოლოდ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, არამედ დედაქალაქის მერიის, სემეკის და სასამართლოს მიმართ ზეწოლას. აბანოების წარმომადგენლებს მივმართავ საჯაროდ, მკაფიოდ და გასაგებად – არ გაბედოთ აბანოების დახურვა!“ – აღნიშნულია GWP-ს მრჩევლის იურიდიულ საკითხებში იმედა დვალიძის განცხადებაში.
კომპანიამ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო, როცა გოგირდის აბანოებისთვის ისეთივე ტარიფი მიიღო, როგორიც სხვა კომპანიებისთვისაა დაწესებული დედაქალაქში, აღნიშნა მან.
„ისინი ან უნდა დათანხმდნენ შეთავაზებულ პირობებს დავალიანების რესტრუქტურიზაციის თაობაზე, ან თავიანთი არგუმენტებით უნდა წარდგნენ სასამართლოში", — აღნიშნა დვალიძემ.
კომპანია GWP-მ შეისწავლა აბანოების საქმიანობა და გამოარკვია, რომ წყლის დანახარჯი მთლიანი მიმოქცევის 5%-ს არ აღემატება, განმარტა დვალიძემ.
აბანოების მფლობელები აცხადებენ, რომ სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე ისინი წყლის გამანაწილებელ კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს” წყლის მოხმარებისთვის ფიქსირებულ შეღავათიან ტარიფს უხდიდნენ, მაგრამ მენეჯმენტის შეცვლის შემდეგ კომპანიამ ახალი ტარიფის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვით, გადასახადი თანხა ძველ ტარიფთან შედარებით 15-ჯერ მეტია.