გოგირდის აბანოები და სტინგის თბილისური არდადეგები

© photo: Sputnik / Levan Avlabreliაბანოთუბანი
აბანოთუბანი - Sputnik საქართველო
გამოწერა

პროექტის „გასეირნება ტფილისში“ ფარგლებში Sputnik-ი საქართველოს დედაქალაქის ერთ–ერთ ყველაზე კოლორიტულ უბანში, გოგირდის აბანოებთან გიწვევთ.

იცით, რომელია ყველაზე მშობლიური ქალაქის ყველა სურნელიდან თითოეული თბილისელისთვის? ოღონდ, არ გაგეცინოთ — ეს გოგირდის აბანოების სუნია. დიახ, დიახ! ეს მკვიდრ თბილისელად განათვლის ადგილია. ბავშვობაში აბანოში თუ არ ყოფილხარ, კვირაში ერთხელ ტფილისურ გოგირდის წყალში თუ არ განბანილხარ, მაშინ არც ტფილისისა გცოდნია რამე და არც არაფერი გაგეგება ამ ქალაქისა. თბილისური ეზოების, რომელთაც დღეს, რატომღაც, „იტალიურს“ უწოდებენ, ბინადრებისთვის, რომლებიც საერთო საპირფარეშოებით სარგებლობდნენ, არც საშხაპეები ჰქონდათ და არც აბაზანები — ჯაკუზიზე და ცივილიზაციის სხვა სიკეთეებზე რომ აღარაფერი ვთქვათ – აბანოები ერთადერთი ადგილი იყო, სადაც გემრიელად დაბანა შეიძლებოდა. ჰო და, ჩვენც ჩანთებში აუცილებელ ნივთებს ვილაგებდით და კვირის ბოლოს, რუსი კლასიკოსის პერიფრაზით რომ ვთქვათ, იქ მივდიოდით, სადაც тифлисский дух Тифлисом пахнет.

© Sputnik/ Levan Avlabreliტფილისადან თბილისამდე, ძველი უბანი. ფოტოკოლაჟი
ტფილისადან თბილისამდე, ძველი უბანი. ფოტოკოლაჟი   - Sputnik საქართველო
ტფილისადან თბილისამდე, ძველი უბანი. ფოტოკოლაჟი

„დავაი“ აბანოში!

აბანოთუბანი დღემდე ერთ–ერთი ყველაზე ხალხმრავალი ადგილია ქალაქში. რაც არ უნდა იყოს, მაინც დედაქალაქის გულია. სწორედ აქედან დაიწყო ტფილისის შენება. აქ, ისევე, როგორც 50 თუ, იქნებ, 150 წლის წინაც, ტირიფის ხის ქვეშ კვლავაც იკრიბებიან ძველი ქალაქელები — აზერბაიჯანელები, სომხები, ებრაელები და ერთმანეთს ახალ ამბებსაც უზიარებენ, ანეკდოტებსაც ჰყვებიან და ჭორებსაც არ აკლებენ ხელს. თან ნარდის აზარტში არიან და თუ უცბად ვინმე გაბრაზებულ გულზე „აბანოში გაგზავნეს“, ისიც დიდი სიამოვნებით მართლა წავა იქ. დიდი–დიდი, ის იკითხოს, რომელშიო? და ეს იმიტომ, რომ ერთ პატარა მოედანზე ექვსი გოგირდის აბანოა. უხსოვარ ხანაში დაწყებულმა კამათმა, რომელია მათ შორის საუკეთესო, დროთა განმავლობაში სხვა მიმართულება მიიღო და ახლა იმაზე დავობენ, რომელია ამ ექვსიდან უძველესი აბანო. არადა, რომელი მათგანის ზღურბლსაც არ უნდა გადააბიჯოთ, ყველგან ფიცით დაგიმოწმებენ, ესაა ყველაზე ადრე, ანუ XVI საუკუნეში აშენებულიო.

© Sputnik/ Levan Avlabreliტფილისი, ძველი აბანოთუბანი
ტფილისი, ძველი აბანოთუბანი  - Sputnik საქართველო
ტფილისი, ძველი აბანოთუბანი

გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე მირზოევის აბანოში მეაბანოე 450 წლის მოზაიკის იატაკზე მიმითითებს და მეკითხება: განა ამისთანას კიდევ სადმე ნახავთ?! მოზაიკის ფილების ასაკსა და მათ მდგომარეობას ვადარებ და ვასკვნი: არა, ასეთი რამის სხვაგან ნახვა შეუძლებელია. გოგირდის წყალიც კი, რომელიც დროთა განმავლობაში ყველაფერ ცოცხალსა და არაცოცხალს „ჭამს“, თითქოს გულმოწყალედ მოჰკიდებია აქაურობას და გეგონება, ხალხიც ფეხს კი არ აბიჯებდა, არ დადიოდა ამ ფილებზე, არამედ ჰაერში დაფრინავდა.

© Sputnik/ Levan Avlabreliტფილისური გოგირდის აბანოების უძველესი მოზაიკა
ტფილისური გოგირდის აბანოების უძველესი მოზაიკა - Sputnik საქართველო
ტფილისური გოგირდის აბანოების უძველესი მოზაიკა

და თითქოს იმ ვერსიის დასტურად, რომ „აბანო ესე“ მართლაც ყველა სხვაზე ძველია, კიდევ ერთ საკრალურ დეტალს გვიმხელენ. ერთ–ერთ ნომერში განსაცვიფრებელი ჭაა, რომლის შუშის საფარქვეშ ორი მეტრის სიღრმეზე გოგირდის წყარო მოჩანს. ძველი ხალხი ამბობს, აბანოში თავდაპირველად სწორედ ამ დონეზე იდგა წყალიო.

არ დაიჯეროთო, შეთქმულივით ჩამჩურჩულეს ნომერ მეხუთე აბანოში. ყველაზე ძველი ჩვენი და ჭრელი აბანოა, ტყუილად კი არ გამოუკრავთ ჭრელი აბანოს შესასვლელზე პუშკინის სიტყვებიო.

ალექსანდრ პუშკინის სიტყვები გოგირდის აბანოზე
ალექსანდრ პუშკინის სიტყვები გოგირდის აბანოზე  - Sputnik საქართველო
ალექსანდრ პუშკინის სიტყვები გოგირდის აბანოზე

 

მე კი არანაირი სურვილი არ მქონდა, მეაბანოესთვის გული დამეწყვიტა და მეთქვა, პუშკინი ამ აბანოში 1829 წელს იყო და არა XVI საუკუნეში, ამიტომაც მისი ვიზიტის დრო აბანოს მშენებლობის დაწყების თარიღის დასადგენად ნამდვილად არ გამოდგება–მეთქი. ჰოდა, არც მითქვამს.

სამეფო აბანოში კი სრულიად რევოლუციური ვარაუდი მოვისმინე, რომელმაც ისტორიული გაურკვევლობის მორევში გადამისროლა. ადმინისტრატორმა ირონიულად ჩაიხითხითა და ხელები გაშალა: როგორ შეიძლებოდა, ისეთ ცნობისმოყვარე კაცს, როგორიც პუშკინი იყო, სამეფო აბანოსთვის გვერდი აექცია და ჭრელ აბანოში შეეხედაო?! მოკლედ, ლამის მე მოვიხადე ბოდიში რუსი კლასიკოსის მიერ სამეფო განსაბანელის წინაშე გამოჩენილი დაუდევრობის გამო და ადმინისტრატორის სიტყვაში კითხვა ჩავაკვეხე: თუ ეგრეა, მაშინ მისი სიტყვები ჭრელი აბანოს შესასვლელში რატომ გამოაკრეს და არა თქვენი აბანოს კედელზე–მეთქი?

© Sputnik/ Levan Avlabreliგოგირდის აბანო №5
გოგირდის აბანო №5 - Sputnik საქართველო
გოგირდის აბანო №5

— იმიტომ რომ ზუსტად არავინ იცის, რომელ აბანოში იყო პუშკინი, უბრალოდ, ჭრელი აბანო ყველაზე გამოსაჩენ ადგილზე დგას და ეგ დაფაც იმიტომ გამოაკრეს იქ, — თავდაჯერებულად მიპასუხა მეაბანოემ.

მოკლედ, რამდენიც აბანოა, ამბიციაც იმდენია.

სტინგის აბანოს დღე

ტფილისურ აბანოებს არსებობის მანძილზე სახელი არაერთხელ შეუცვალეს, მაგრამ, როგორც ეს ხშირად ხდება ქუჩების, სკვერებისა თუ პარკების შემთხვევაში, ახალი სახელები ვერა და ვერ დამკვიდრდა, ხალხი მაინც ძველი სახელით მოიხსენიებს მათ.

ასე იყო, როცა აბანოს ახალი მეპატრონე მოევლინა და მისთვის სახელის გადარქმევა მოიწადინა. ოღონდ ეგაა, ფანტაზია მხოლოდ სახელწოდება „ფანტაზიაზე“ ეყო, თბილისელებს კი ის სახელიც „ჰყოფნით“, რომელიც მანამდე ერქვა, და ამიტომ ჯიუტად ისევ მირზოევის აბანოდ მოიხსენიებენ.

© Sputnik/ Levan Avlabreliტფილისადან თბილისამდე, ძველი აბანოთუბანი. ფოტოკოლაჟი
ტფილისადან თბილისამდე, ძველი აბანოთუბანი. ფოტოკოლაჟი  - Sputnik საქართველო
ტფილისადან თბილისამდე, ძველი აბანოთუბანი. ფოტოკოლაჟი

იგივე მოხდა „ბახმაროს“ შემთხვევაშიც, რომელსაც ხალხი ან გარნიზონის აბანოს ეძახის (ვინაიდან საქართველოს გასაბჭოების მერე ორგანიზაციულად ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის თბილისის გარნიზონს ეკუთვნოდა), ან მისი ადმინისტრატორი ქალბატონის სახელიდან გამომდინარე, გულოს აბანოს.

ეს მოხერხებული და გაწაფული ქალბატონი წარსულში დანაშაულებრივ საქმიანობას ეწეოდა, ანუ ყიდვა–გაყიდვით გაჰქონდა თავი — სპეკულანტობდა, რაც საბჭოეთისას სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნეოდა. ცხოვრება რომ გაჭირდა, „ბიზნესს“ შეშვებია და ტფილისურ აბანოში მოსულა სამუშაოდ, და აგერ უკვე 25 წელია, აქ არის. ზაფხულობით, როცა გულო ორკვირიან შვებულებაში მიდის, მისი კლიენტებიც „ისვენებენ“, გულოს ჩამოსვლას ელოდებიან ხოლმე. თანამშრომლები იცინიან, გეგონება გულო თავისი ხელით ბანდეს კლიენტებსო.

ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
Sputnik-მა გზამკვლევი „გასეირნება ტფილისში“ ჩაუშვა

ენა არ მიბრუნდება, რომ გულოს უბრალოდ ადმინისტრატორი ვუწოდო. ის უფრო საქმეზე „მიდუღებული“ მეურნეა, რომელსაც სული და გული უდევს საკუთარ ბიზნესში. ეზოში გაშენებულ ყვავილნარში რომელიმე მცენარე თუ ვერ გაიხარებს — ნერვიულობს, კლიენტს მისი რეცეპტით მოხარშული მურაბა არ მოეწონება — განიცდის…

ბანაობით მიღებული სიამოვნების აპოთეოზი — ჩაია, რომლითაც სტუმრებს ყველა აბანოში უმასპინძლდებიან. ის პატარა, გამჭვირვალე შუშის ჭიქებით მოაქვთ, ზუსტად ისე, როგორც აზერბაიჯანულ ჩაიხანაში — შაქრის ნატეხებითა და ლიმონით. გულო საკუთარი ხელით დამზადებულ მურაბასაც აგემოვნებინებს კლიენტებს, რისთვისაც დაახლოებით 300 კილომდე ხილს ყიდულობს ხოლმე. და მიდის მერე ლეღვის უგემრიელესი მურაბა, არომატული ჩეფირი, აუჩქარებელი, დინჯი ბაასი… ცხოვრების შეშლილი რიტმი და ყოფიერების ამაოება ნელ–ნელა უკან იხევს და ადგილს სიმშვიდესა და აუღელვებლობას უთმობს.

© Sputnik/ Levan Avlabreliსტინგი და გულო
სტინგი და გულო - Sputnik საქართველო
სტინგი და გულო

ერთ დღეს საქართველოში ჩამოსულმა მსოფლიო ვარსკვლავმა სტინგმაც შეიარა გარნიზონის აბანოში. მურაბა მოეწონა თუ მექისე, მაგრამ ორი დღის მერე ისევ მივიდა გოგირდის წყლით სიამოვნების მისაღებად.

ცნობილი რუსი რეპერი ტიმატიც ეწვია ტფილისურ აბანოს ერთხელ და დანანებით თქვა, ცუდია, მეტი დრო რომ არ მაქვს, მეორედ რომ ჩამოვალ, ამ დანაკლისს აუცილებლად ავინაზღაურებო.

© Sputnik/ Levan Avlabreliხის პანო გოგირდის აბანოში
ხის პანო გოგირდის აბანოში - Sputnik საქართველო
ხის პანო გოგირდის აბანოში

აბანოების ყველაზე ერთგული კლიენტი კი მაინც რუსეთში მოღვაწე მომღერალი ირაკლი ფირცხალავაა.

რა საერთოა მექისესა და გინეკოლოგს შორის

მექისეობა საპატიო პროფესიაა და, როგორც წესი, მემკვიდრეობით გადაეცემა. ქისის საიდუმლო და მექისეობის ხერხები მამიდან შვილზე გადადის.

„ნამდვილ მამაკაცს ვერც დრო შეცვლის, ვერც ქალი და ვერც ფული“, — ასე ასწავლიდა პაპა მექისე შვილიშვილ გაგას.

აბანოებით მოფენილ მოედანზე მეჩეთი დგას. სტალინურ ეპოქაში მისი აღება გადაუწყვეტიათ, მაგრამ უბანში მოსახლე აზერბაიჯანელებს, რომლებიც დღესაც ჭარბად ცხოვრობენ ქალაქის ამ ნაწილში, ხმა აუმაღლებიათ ამ ვანდალიზმის წინააღმდეგ.

© Sputnik/ Levan Avlabreliტიფლისი. ხედი ძველ ქალაქზე. აბანოთუბანი
ტიფლისი. ხედი ძველ ქალაქზე. აბანოთუბანი - Sputnik საქართველო
ტიფლისი. ხედი ძველ ქალაქზე. აბანოთუბანი

გაგას პაპა ყველაზე მეტად აქტიურობდა და პასუხიც უგია ამის გამო — ციხეში ჩასვეს. მერე, თურმე, ხშირად იმეორებდა, არაფერი ისე არ აწრთობს კაცს, როგორც ციხე და რელიგიაო.

საპატიმროდან გამოსულმა ქართველი გოგო მოიტაცა — აბა, რა ექნა, როცა ნაციხარ კაცს მშობლები ნებით არ ატანდნენ ქალს? ახლა რამენაირად ხომ უნდა შეენახა კიდეც ახალგაზრდა ოჯახი? ჰოდა, აბანოში დაიწყო მექისედ მუშაობა, სადაც მთელი ცხოვრება გაატარა. გამუდმებით იმეორებდა, საქმემ ჯერ სიამოვნება უნდა მოგიტანოს, მერე ფული და არა პირიქითო.

© Sputnik/ Levan Avlabreliგოგირდის აბანოს მექისე
გოგირდის აბანოს მექისე  - Sputnik საქართველო
გოგირდის აბანოს მექისე

არსებობენ ქალი–მექისეები და მამაკაცი–მექისეები — ორივე განყოფილებაში თანაბარი რაოდენობით. თუმცა ხანდახან გენდერული დისბალანსიც შეინიშნება, იმიტომ რომ მამაკაც „ძვლების გამსწორებლებზე“ უფრო დიდია მოთხოვნა. ქალებიც სარგებლობენ მექისეების მომსახურებით, მაგრამ ძირითადად ევროპელი და სლავი ქალები, უფრო იშვიათად, ადგილობრივებიც.

© Sputnik/ Levan Avlabreliგოგირდის აბანოს მექისე
გოგირდის აბანოს მექისე  - Sputnik საქართველო
გოგირდის აბანოს მექისე

მექისე გიორგი გვეუბნება, ქალებზე ჩვენ უფრო მეტი ვიცით, ვიდრე ვინმეს ჰგონიაო. თურმე ნამშობიარებ ქალს სხვანაირი მასაჟი უკეთდება, ხოლო იმას, ვისაც ბავშვი არ გაუჩენია — სხვანაირი. ეს იმიტომ რომ ნამშობიარები ქალის სახსრები გაფართოებულია და მარილების დაგროვების მეტი საფრთხე არსებობს. თუ მექისემ ეს არ იცის, კლიენტის სახსრებსაც დააზიანებს და საკუთარ იმიჯსაც.

© Sputnik/ Levan Avlabreliაბანოთუბანი
აბანოთუბანი - Sputnik საქართველო
აბანოთუბანი

გიორგის კლიენტი ქალები ხან ჩაცმულები ხვდებიან და ხანაც უკვე შიშვლები. თავიდან ეუხერხულებოდა, მაგრამ მერე, დროთა განმავლობაში, შეეჩვია ამ ამბავს. აბანოს ნომერში შიშველ ქალთან გიორგი თავს ისე გრძნობს, როგორც გინეკოლოგი ქალთა კონსულტაციაში. მოკლედ, რომანტიკოსი იყო და „გინეკოლოგად“, ანუ მექისედ იქცა.

ეს კია, ჰოლივუდის მსახიობის გარეგნობის მქონე მექისის ცქერისას ხვდები, რომ ძალიან ძნელია, უსქესო არსებად აღიქვა იგი, მით უმეტეს, როცა შენს სხეულზე ხტომა–რბენას იწყებს. ჰოდა, უხამსი წინადადებაც არაერთხელ მიუღია…

© photo: Sputnik / Stringerტფილისური გოგირდის აბანოები მეტეხის ფონზე
ტფილისური გოგირდის აბანოები მეტეხის ფონზე - Sputnik საქართველო
ტფილისური გოგირდის აბანოები მეტეხის ფონზე

მოკლედ, ქალის მექისეობა რთულია, მაგრამ სასიამოვნო…

თუ წყალი შეწყდება

მაგრამ მთელი ეს მკურნალი, ჭრილობების მომშუშებელი, მაცოცხლებელი აბანოს სამოთხე, სადაც მექისე ისეთ რამეებს სჩადის, რომ თავიდან იბადები, თავისი ჩაით, მურაბებითა და აღმოსავლური კოლორიტით ხელის ერთი მოსმით შეიძლება გაქრეს, რადგან სამყაროს ამ „სუნიან საოცრებას“ რეალური საფრთხე ემუქრება.

აბანოები წლების განმავლობაში გამართულად იხდიდნენ საკანალიზაციო მომსახურების გადასახადებს, მაგრამ გასული წლის თებერვალში წყალგამანაწილებელ კომპანიაში მენეჯმენტი შეიცვალა და წყალზე ტარიფი გაიზარდა — 15–ჯერ! აბანოების მფლობელები, ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, დღემდე ფიქსირებულ შეღავათიან ტარიფს იხდიდნენ, ცოტა ხნის წინ კი Georgian Water and Power–ში გადაწყვიტეს, რომ ანგარიშის გასწორების დრო დადგა და დავალიანების დაფარვა მოითხოვეს.

მეაბანოეები გამოსავალს დავალიანების ჩამოწერასა და გადასახადების კვლავ შეღავათიანი ტარიფით გადახდაში ხედავენ. სხვაგვარად ვერც ვალს დაფარავენ — მისი რესტრუქტურიზაციის შემთხვევაშიც კი, რასაც მათ კომპანია GWP სთავაზობს, და ვერც მიმდინარე გადასახადებს გადაიხდიან. ორივე შემთხვევაში გაკოტრება არ ასცდებათ. ეს კი აბანოების დახურვა–გაუქმებას ნიშნავს…

ყველა ახალი ამბავი
0