თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა შეაფასა საქართველოში ჩატარებული რეფორმები, რომლის წყალობით ქვეყანამ ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა დაიმსახურა, განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს.
იმის შესახებ, რომ ევროკავშირის 28-ვე ქვეყანა აღიარებს საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებისათვის ყველა პირობის შესრულებას და ეს საკითხი დადგება ევროკავშირის წევრი ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელთა სხდომაზე, გუშინ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ ლუქსემბურგში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც ამ განხილვების პროცესში გადაიდგა… საქართველოს მოსახლეობისთვის ძალზე მნიშვნელოვანია იცოდეს, რომ ევროკავშირი და ევროკავშირის ქვეყნები აფასებენ ყველა რეფორმას, რომელიც საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერით განხორციელდა. ამ რეფორმებმა მიგვიყვანა ამ შედეგამდე და ცალსახაა, რომ საქართველო უახლოეს პერიოდში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას იმსახურებს“, — განაცხადა ჯანელიძემ.
საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე მომხსენებელმა ევროპარლამენტში მარია გაბრიელამ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების რეკომენდაცია მისცა.
„მოხსენების მთავარი აზრი რეკომენდაციას გულისხმობს, რომ LIBE-ს კომიტეტმა (ევროკავშირის კომიტეტი სამოქალაქო თავისუფლებების, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა საკითხებზე) მიიღოს ეს გადაწყვეტილება და ამის შემდეგ ევროკავშირის პარლამენტმა ის ერთი მოსმენით დაამტკიცოს“, — აღნიშნა ჯანელიძემ.
მანამდე ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიდიე რეინდერსმა განაცხადა, რომ საქართველოსთან ევროკავშირი უვიზო რეჟიმს შემოიღებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტში შეთანხმდებიან აღნიშნული რეჟიმის მოქმედების ექსტრემალურად შეჩერების მექანიზმზე იმ შემთხვევისთვის, თუ მისი დარღვევა მოხდა.
ევროკავშირმა და საქართველომ 2014 წლის ივლისში ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ასოცირების შესახებ, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმს უკვე ამ ზაფხულს შემოიღებდა, თუმცა ივნისის დასაწყისში ამ საკითხის განხილვა გადაიდო.