პოლიცია საარჩევნო უბანთან - დადებითი და უარყოფითი მხარეები

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჟამად კანონი პოლიციას საარჩევნო უბანზე ან უბანთან ყოფნის ნებას იმ შემთხვევაში აძლევს, თუ მას საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გამოიძახებს არჩევნების ჩაშლის საფრთხისას ან საარჩევნო დოკუმენტაციის უსაფრთხოების მიზნით.

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა კომიტეტებში სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი იმ  ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომელიც პოლიციელებს, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის აუცილებლობის შემთხვევაში, არჩევნების დღეს საარჩევნო უბანთან ყოფნის უფლებას მისცემს.

პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
არჩევნების დღეს პოლიციის უფლებები, შესაძლოა, გაიზარდოს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ თავმჯდომარე არჩილ კაიკაციშვილი დარწმუნებულია, რომ რაც უფრო მეტი სამართლებრივი მექანიზმი იქნება შემოღებული არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარების მიზნით, მით უფრო კარგი იქნება ეს საზოგადოებისთვის.

„პოლიციას, თავისი ფუნქციიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ვალდებულება გააჩნია. საარჩევნო უბანთან არჩევნების დღეს პოლიციის პატრულირება  კი საარჩევნო პროცესის მშვიდ გარემოში ჩატარების საფუძველია“, — განაცხადა „Sputnik“ —თან საუბრისას არჩილ კაიკაციშვილმა.

მისივე თქმით, აქედანვე ჩანს, რომ  2016 წლის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდი  ძალიან არასასიამოვნო მოვლენების ფონზე ჩაივლის, ამის ნათელი მაგალითი კი კორცხელის ინცინდენტია.

„რომელი სჯობს პარტიებმა და მათმა მხარდამჭერებმა ჯერ ცხვირპირი დაამტვრიონ ერთმანეთს და მერე გამოიძახონ პოლიცია, თუ ის  ადგილზე თავიდანვე იმყოფებოდეს და  თავისი ვალდებულება შეასრულოს?“- კითხულობს „ახალგაზრდა ადვოკატების“ თავმჯდომარე.

არჩილ კაიკაციშვილის აზრით, სახელმწიფომ  მოვლენები თვითდინებაზე არ უნდა მიუშვას და პასუხისმგებლობა უნდა აიღოს  უბანთან  განვითარებულ მოვლენებზე. შესაბამისად, კანონპროექტის მიღება მაქსიმალურად უნდა დაჩქარდეს, რადგან ეს ხელს შეუწყობს არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარებას, აღნიშნა კაიკაციშვილმა.

საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები პარლამენტს არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც წარუდგინა. 

„რაც შეეხება განსაკუთრებულ შემთხვევებში კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, კომისიის თავჯდომარის თანხმობის გარეშე, საზოგადოებრივი წესრიგის აღკვეთისა და დაცვის მიზნით სამართალდამცავი უწყებების მობილიზილების შესაძლებლობას, ვთლით, რომ აღნიშნული დიდწილად დააბრკოლებს არჩევნების თავისუფალ გარემოში წარმართვის შესაძლებლობას. ცხადია, მისასალმებელია სამართალდამცავი უწყებების მზაობა უზრუნველყონ არჩევნების დღეს წამოჭრილი ნებისმიერი სახის ინციდენტის დროული აღკვეთა, თუმცა გასათვალისწინებელია ის რისკები, რაც კენჭისყრის შენობაში/მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის თანამშრომელთა ყოფნას ახლავს თან. განსაკუთრებით, ისეთი ფართო უფლებამოსილების ფონზე, როგორიცაა საკუთარი ინიციატივით, მათ შორის პრევენციული მიზნით, კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსების შესაძლებლობა“, —  აღნიშნულია საიას მიერ მომზადებულ სამართლებრივ დასკვნაში. 

პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოში არჩევნებისას ჩხუბში მონაწილეებს დააპატიმრებენ

ამჟამად კანონი პოლიციას საარჩევნო უბანზე ან უბანთან ყოფნის ნებას იმ შემთხვევაში აძლევს, თუ მას საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გამოიძახებს არჩევნების ჩაშლის საფრთხისას ან საარჩევნო დოკუმენტაციის უსაფრთხოების მიზნით.

ცვლილებების თანახმად, პოლიციის გამოძახების საფუძველი შეიძლება გახდეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის საფრთხე საარჩევნო უბანზე ან უბანთან. წესრიგის დამყარების შემდეგ პოლიციელებმა უბანი უნდა დატოვონ.

იუსტიციის სამინისტრომ ეს ცვლილებები მას შემდეგ შეიმუშავა, რაც „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის 22 მაისს სოფელ კორცხელში დაპირისპირება მოხდა.

ყველა ახალი ამბავი
0