თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. კომპანია Central Asia Guahgtohg მზადაა ინვესტიციები ჩადოს საქართველოში სხვადასხვა სფეროში. კომპანიის წარმომადგენლებმა საპარტნიორო ფონდში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს „ერთი გზა, ერთი სარტყელის“ პროექტის ფარგლებში, იუწყება ფონდის პრეს-სამსახური.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
დელეგაცია საქართველოს ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის ინიციატივით ეწვია.
ჩინური კომპანიები ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა სფეროს არაერთ პროექტში მონაწილეობენ.
მაგალითად, „ჰუალინგ ჯგუფი“ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ახორციელებს პროექტებს, მათ შორის, ქუთაისში, რომელშიც თავისუფალი ინდუსტრიული ზონაა შექმნილი.
ამას გარდა, მიმდინარე წლის მაისში „ ჰუალინგ ჯგუფმა“ საქართველოში ახალი ავიაკომპანია დაარეგისტრირა, რომელიც აზიისა და ევროპის მიმართულებით განახორციელებს ფრენებს, მომავალში კი აშშ–ის მიმართულებითაც გეგმავს ფრენას.
ჩინური კომპანია ასევე განახორციელებს კომპლექსურ პროექტს ქვეყანაში ჩაის მრეწველობის აღსადგენად.
კიდევ ერთი ჩინური კომპანია HQC დაინტერესებულია საქართველოში ქიმიური, ნავთობგადამამუშავებელი, სასუქის გადამამუშავებელი და სხვა დარგებით.
ამ დროისათვის საქართველო და ჩინეთი თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. დიალოგი, რომელიც მეტად კონსტრუქციულად მიმდინარეობს, სავარაუდოდ, მომავალი წლის ზამთარში დასრულდება.