თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. სამართალდამცველებმა ტელეკომპანია „რუსთავი2“–ის ოპერატორის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე ერთი პირი გამოავლინეს, იუწყება შსს–ს პრეს–სამსახური.
ტელეკომპანია „რუსთავი2“–ის გადამღებ ჯგუფს კვირას, 19 ივნისს გამთენიისას უცნობი პირი დაესხა თავს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ინციდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მაშინ მოხდა, როდესაც საინფორმაციო გამოშვება „კურიერის“ ჟურნალისტი ელენე ფირცხალაიშვილი და ოპერატორი გიორგი ცანავა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლის, დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილისგან ინტერვიუს იღებდნენ.
შსს განცხადების თანახმად, როდესაც გადამღებმა ჯგუფმა გადაღება დაასრულა, ოპერატორ გიორგი ცანავას მოქალაქე ალექსანდრე ს.–მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და შემთხვევის ადგილს გაეცალა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მას გიორგი ც. დაედევნა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც მათ შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
კონფლიქტის ადგილას ამ დროს იმყოფებოდნენ ტელეკომპანიის ჟურნალისტი და პარლამენტის დეპუტატი ჩიორა თაქთაქიშვილი. მისი განცხადებით, როდესაც იგი მობილური ტელეფონით ცდილობდა კონფლიქტის გადაღებას, ალექსანდრე ს.-ს თანმხლებმა ქალბატონმა თამარ ლ.-მ, პროტესტის ნიშნად, მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
„სამართალდამცველებმა ცემის ფაქტზე 1970 წელს დაბადებული თამარ ლ. გამოავლინეს. რაც შეეხება გიორგი ც.-ს და ალექსანდრე ს.-ს, ორივე პირი გამოკითხულია და წინასწარი მონაცემებით, მათ ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 125-ე მუხლით (ცემა) მიმდინარეობს.
ტელეაარხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სოციალური ქსელის საშუალებით განცხადება გაავრცელა, სადაც ჟურნალისტებზე თავდამსხმელების დაუყოვნებლივ დასჯას მოითხოვდა.
ამ ინციდენტს გამოეხმაურა ქალაქის მერი დავით ნარმანია და განაცხადა, რომ მედიასაშუალებაზე ნებისმიერი ზეწოლა დაუშვებელია.