თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი2“–ის გადამღებ ჯგუფს კვირას, 19 ივნისს გამთენიისას უცნობი პირი დაესხა თავს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ინციდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მაშინ მოხდა, როდესაც საინფორმაციო გამოშვება „კურიერის“ ჟურნალისტი ელენე ფირცხალაიშვილი და ოპერატორი გიორგი ცანავა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლის, დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილისგან ინტერვიუს იღებდნენ. თაქთაქიშვილი ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში მიემგზავრებოდა.
ინტერვიუს დროს უცნობმა პირმა მათ ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო შემდეგ ოპერატორს დაესხა თავს. თაქთაქიშვილის თქმით, ქალი, რომელიც, სავარაუდოდ, თავდამსხმელს ახლდა, მას ინციდენტის ტელეფონით გადაღების საშუალებას არ აძლევდა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 125–ე მუხლით (ცემა) აღძრეს.
"მოგიწოდებთ და მოვითხოვ მთელი გუნდის სახელით, დაუყოვნებლივ დააკავოთ ჟურნალისტზე და ოპერატორზე თავდამსხმელი და კანონის მთელი სიმკაცრით აგებინოთ პასუხი. 125-ე ცემის მუხლი არ მიიღება. შეგახსენებთ, ინტერვიუს ჩაწერის დროს მოხდა ინციდენტი და სხეულის დაზიანებასთან ერთად, მინიმუმ, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლაა,"- წერს ტელეარხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
„რუსთავი2“–ის თანამშრომლებმა პოლიციას ჩვენება უკვე მისცეს. მედიასაშუალებების ინფორმაციით, დაკითხვაზე მიიყვანეს თავდასხმაში მონაწილე პირიც.