თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. საქართველოში C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამის მკურნალობისა და მართვის საკითხებზე სასტუმრო ”რედისონში” სიმპოზიუმი მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გახსნა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
სიმპოზიუმზე ქვეყანაში C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამის მიმდინარეობის და ვირუსის მკურნალობის მიმართულებით არსებულ მდგომარეობას განიხილავენ, ასევე C ჰეპატიტის მკურნალობის ახალ მიდგომებზეც იმსჯელებენ.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას დავით სერგეენკომ განაცხადა, პროგრამა გასული წლის აპრილში დაიწყო და ბრწყინვალე შედეგები აქვს. პროგრამაში ჩართვისათვის კრიტერიუმები მოიხსნა და უფრო მეტ ადამიანს აქვს შესაძლებლობა იმკურნალოს.
„თუ ძველი მონაცემებით, ჩვენ წელსაც უნდა დაგვეტოვებინა კრიტერიუმები, დავუშვათ ყველაზე მძიმე პაციენტი, მოგვეცა საშუალება რომ საერთოდ გავაუქმოთ კრიტერიუმები და მაქსიმალური რაოდენობის პაციენტს მოვემსახუროთ. ჩვენთან დაავადების საშუალო მაჩვენებელი 7,7%-ია, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო, სამწუხაროდ, პირველ ხუთეულშია, სადაც ყველაზე მაღალია ავადობა“, — განაცხადა სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით კი, საქართველო შერჩეულია C ჰეპატიტის აღმოსაფხვრელად პირველ სამოდელო ქვეყნად მსოფლიოში, რაც იმას ნიშნავს, რომ 5 წლის შემდეგ საქართველოში C ჰეპატიტის არც ერთი ახალი შემთხვევა აღარ უნდა იყოს.
„სულ მკურნალობა ჩაუტარდა 9 ათას ადამიანს, მათგან 5 ათას 500-მა პაციენტმა დაამთავრა მკურნალობა, სხვადასხვა გენოტიპის დროს შედეგი იყო სხვადასხვა, მაგრამ საშუალოდ 83% პაციენტების განიკურნა“, — აღნიშნა ცერცვაძემ.
საქართველოს მთავრობამ 2015 წელს С ჰეპატიტით დაავადებულთა მკურნალობის პროგრამა დაიწყო. მასში შვიდი ათასი ადამიანი ჩაერთო. მათგან 3 200-მა პაციენტმა პრეპარატ „სოვალდის“ მეშვეობით მკურნალობის კურსი დაასრულა.
90%-ზე მეტი განიკურნა, გვერდითი ეფექტი აღენიშნებოდა 3%-ს, ხოლო 1,6% – ავადმყოფების უმძიმესი მდგომარეობის გამო – გარდაიცვალა.
საქართველოში ამჟამად С ჰეპატიტით დაავადებული დაახლოებით 160 ათასი ადამიანია. სახელმწიფოს ყოველწლიურად 20 ათასი პაციენტის მკურნალობა შეუძლია.