თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ ამერიკულ კომპანია Gilead Sciences-თან ათწლიანი შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმად, ის ქვეყანას С ჰეპატიტით დაავადებულთა მკურნალობისთვის აუცილებელი მედიკამენტებით უზრუნველყოფს.
შესაბამის შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ და კომპანია Gilead Sciences-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ მარტინმა.
„ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება, რომელიც С ჰეპატიტით დაავადებული ყველა პაციენტის მკურნალობას ითვალისწინებს იქამდე, სანამ პრევალენტობა (რაოდენობა) 1%-ზე ქვევით არ გახდება“, — განაცხადა კვარაცხელიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
საქართველოს მთავრობამ 2015 წელს С ჰეპატიტით დაავადებულთა მკურნალობის პროგრამა დაიწყო. მასში შვიდი ათასი ადამიანი ჩაერთო.
მათგან 3 200-მა პაციენტმა პრეპარატ „სოვალდის“ მეშვეობით მკურნალობის კურსი დაასრულა.
90%-ზე მეტი განიკურნა, გვერდითი ეფექტი აღენიშნებოდა 3%-ს, ხოლო 1,6% – ავადმყოფების უმძიმესი მდგომარეობის გამო – გარდაიცვალა.
საქართველოში ამჟამად С ჰეპატიტით დაავადებული დაახლოებით 160 ათასი ადამიანია. სახელმწიფოს ყოველწლიურად 20 ათასი პაციენტის მკურნალობა შეუძლია.