თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამით 10 ივნისიდან ყველა პაციენტი ისარგებლებს, მიუხედავად დაავადების სიმძიმის დონისა. მანამდე ამ პროგრამით მხოლოდ მძიმედ დაავადებული პაციენტები სარგებლობდნენ.
10 ივნისს თბილისში ახალი რესურს–ცენტრი იხსნება, სადაც C ჰეპატიტით დაავადებული პაციენტები შეძლებენ რეგისტრაციის გავლას.
„10 ივნისიდან C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმები გაუქმდება. ნებისმიერ პაციენტს, მიუხედავად დაავადების სიმძიმისა, საშუალება მიეცემა ჩაერთოს პროგრამაში ყოველგვარი შეფერხების გარეშე“, — განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მინისტრის თქმით, თუ მანამდე პაციენტებს განაცხადის შეტანიდან მკურნალობის დაწყებამდე ორთვიანი ლოდინი უწევდათ, ახლა ეს ვადა ორ კვირამდე მცირდება.
სერგეენკომ ასევე აღნიშნა, რომ აქამდე სამინისტროს წელიწადში 20 ათასი პაციენტის მკურნალობის დაფინანსება შეეძლო, ახლა კი ეს რაოდენობა 30 ათას პაციენტამდე გაიზარდა.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სამეგრელო–ზემო სვანეთში, სადაც С ჰეპატიტით დაავადებულთა ძალიან მაღალი მაჩვენებელია, უახლოეს დღეებში დაიწყება რესურს–ცენტრის მშენებლობა, რომელიც მალე შეძლებს პაციენტების მიღებას და სრულფასოვანი მკურნალობის ჩატარებას.