თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. C ჰეპატიტით დაავადებული მოქალაქეები უფასოდ მიიღებენ ახალი თაობის პრეპარატს „ჰარვონი“, — განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პრესკონფერენციაზე.
აქამდე С ჰეპატიტის სამკურნალოდ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გამოიყენებოდა პრეპარატები „სოვალდი“ და „ლედიფასვირა“. „ჰარვონი“ სწორედ ამ ორი მედიკამენტის კომბინაციაა. მინისტრმა ახალი პრეპარატი შეაფასა როგორც რევოლუციური და აღნიშნა, რომ „ჰარვონის“ ბევრად ნაკლები გვერდითი ეფექტი აქვს და ასევე გამოირჩევა განკურნების მაღალი მაჩვენებლით. საქართველოში უკვე შემოიტანეს „ჰარვონის“ ორი ათასი ფლაკონი.
„ხაზგასმულად და ცალსახად მინდა ვთხოვო ყველა პაციენტს, ვინც ახლა გადის მკურნალობას „სოვალდით“, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეწყვიტონ მკურნალობა იმის იმედით, რომ გადაერთვებიან „ჰარვონიზე“. ამის შესაძლებლობა მათ არ ექნებათ. „სოვალდით“ მკურნალობის შეწყვეტა არის კატასტროფულად მაღალი რისკი“, — განაცხადა სერგეენკომ.
2015 წელს С ჰეპატიტის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში შვიდი ათასი დაავადებული ჩაერთო. აქედან 3 200-მა პაციენტმა უკვე დაასრულა „სოვალდით“ მკურნალობის კურსი. 90% განიკურნა, გვერდითი ეფექტები დაუფიქსირდა 3%-ს, ხოლო 1,6% — გარდაიცვალა, რაც, სერგეენკოს თქმით, პაციენტთა უმძიმესი მდგომარეობით იყო გამოწვეული.
მინისტრმა მოუწოდა იმ 400 პაციენტს, რომლებმაც უკვე დაასრულეს მკურნალობის კურსი, გაიარონ საბოლოო, განკურნების დამადასტურებელი ტესტი.
„ამ 3 200 კაციდან, ვინც დაასრულა მკურნალობა, ოთხას ადამიანს არ აქვს გაკეთებული საბოლოო, დადასტურების ტესტი… სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ ამ ოთხასმა ადმიანმა დაივიწყა მისი ვალდებულების შესახებ. თითოეულ მათგანს ვთხოვ უმორჩილესად და ამავდროულად, კატეგორიულად, რომ ეს ანალიზები ჩაიტარონ. სხვა შემთხვევაში ჩვენ იძულებულები გავხდებით, რომ ადმინისტრირების წესები ყველა დანარჩენი პაციენტისთვის გავამკაცროთ“, — აღნიშნა მინისტრმა.
სერგეენკომ განკურნებულ პაციენტებს მოუწოდა, დაიცვან რეჟიმი, სწორად იკვებონ და არ მიიღონ ალკოჰოლური სასმელი.
დღეისათვის საქართველოში დაფიქსირებულია 160 ათასამდე С ჰეპატიტით დაავადებული. სახელმწიფოს ყოველწლიურად 20 ათასი პაციენტის მკურნალობის დაფინანსება შეუძლია. საამისოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოიყოფა 20 მლნ ლარი (დაახლოებით 8 მლნ დოლარი).