თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. გერმანიაში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში მყოფი საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდა, იუწყება პთავრობის პრეს-სამსახური.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-გერმანიის ორმხრივ ურთიერთობებთან, საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციასთან და რეგიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებული საკითხები.
საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ ევროკავშირი უვიზო რეჟიმს უკვე ზაფხულში აამოქმედებდა, თუმცა ივნისის დასაწყისში საკითხის განხილვა გადაიდო. პროცესი გერმანიისა და საფრანგეთის პოზიციის გამო გაჭიანურდა. ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal-ის მონაცემებით, ევროკავშირმა საქართველოს, უკრაინისა და კოსოვოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე გადაწყვეტილების მიღება, სულ მცირე, სექტემბრამდე გადადო.
მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ საქართველომ ზედმიწევნით შეასრულა მისთვის დაკისრებული ყველა ამოცანა, რაც ევროკომისიამ გასული წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში აღიარა. გამოითქვა იმედი, რომ ევროკომისიის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც უკვე განიხილება ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტში, უახლოეს მომავალში დადებითი გადაწყვეტილება მოჰყვება.
შეხვედრის დასასრულს, ხაზი გაესვა ორი ქვეყნის საგარეო უწყების გადაწყვეტილებას- გამოცხადდეს 2017 წელი საქართველოსა და გერმანიის მეგობრობის წლად, აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
საქართველოს პრემიერმა გერმანიის კანცლერი საქართველოში მოიწვია.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი ასევე შეხვდება ბუნდესტაგის პრეზიდენტს ნორბერტ ლამერტს, საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, განათლებისა და კვლევის ფედერალურ მინისტრს იოჰანა ვანკას, ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს ნორბერტ რიოტგენს.