თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. სექსუალური ხასიათის სკანდალური ვიდეოჩანაწერები ხელისუფლებაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნის დროს იქმნებოდა და ხელიდან ხელში გადადიოდა, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიფინგზე.
სავარაუდოდ ქართველი პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორის ელისო კილაძისა და ჰაკერთა დაჯგუფება Umbrella-ს წევრის ლუკა ფეიქრიშვილის „ფეისბუქის“ გვერდებზე განათავსეს. მათ პროკურატურას ჩვენება უკვე მისცეს.
„ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ფარულად ჩაწერილი სიბინძურე, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში გროვდებოდა, ქვეყნიდან არის გატანილი, ან არ არის გატანილი, მაგრამ მათივე დამსახურებითა და ძალისხმევით ხელიდან ხელში გადადიოდა, ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება ყოველ კონკრეტულ საქმეზე მყისიერი რეაგირება, გამოძიება”, — განაცხადა წულუკიანმა.
ახალი ტექნოლოგიების ხანაში ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ მათი ეს ქმედებები ბოლომდე, მოკლე ვადაში იქნება აღმოფხვრილი, აღნიშნა წულუკიანმა.
ეს ინტერნეტში მსგავსი ვიდეოჩანაწერების გავრცელების პირველი შემთხვევა არ არის.
აღნიშნულ ფაქტებზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის მიხედვით (პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფა).