თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. საქართველოში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრობლემა ჯერ კიდევ გადაუჭრელია, მიიჩნევს არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ წარმომადგენელი (IDFI) თამარ იაკობიძე.
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ კამპანიის „ეს შენ გეხება“ ერთ-ერთი ინიციატორია, რომლის მიზანი პირადი ცხოვრების უფლების დაცვაა. ამ კამპანიის გარშემო გაერთიანებული არასამთავრობოები ხელისუფლებას კანონმდებლობის სრულყოფისკენ მოუწოდებენ.
"შემთხვევები, რომლებსაც ბოლო დროს ჰქონდა ადგილი, მიუთითებს, რომ პრობლემა ჯერ გადაჭრილი არ არის მიუხედავად იმისა, რომ საკითხი დღის წესრიგში უკვე რამდენიმე წელია დგას და მუშაობა გრძელდება“, — განაცხადა იაკობიძემ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“.
მარტის დასაწყისში საქართველოში YouTube-ზე ატვირთული ვიდეოჩანაწერების გამო. რომელშიც თითქოსდა ქართველი პოლიტიკოსები მონაწილეობენ, სკანდალი აგორდა. ერთ-ერთ ვიდეოზე კონკრეტული პოლიტიკოსის ვინაობა იყო დასახელებული. მეორე ჩანაწერზე ვიდეოს ავტორმა პოლიტიკოსის ვინაობა არ დაასახელა, თუმცა დაიმუქრა, რომ კიდევ გამოაქვეყნებს რამდენიმე ვიდეოს მაღალჩინოსნებისა და პოპულარული ჟურნალისტის მონაწილეობით. მარტის ბოლოს კიდევ ერთი მსგავსი ტიპის ვიდეო გამოქვეყნდა.
„იმის გამო, რომ ამ საქმეებზე გამოძიება ბოლომდე არ არის მიყვანილი, უკანონობის სინდრომი ჩნდება. ჩვენ ეს უზარმაზარ პრობლემად მიგვაჩნია“, — აღნიშნა იაკობიძემ.
პირადი ცხოვრების დაცვის აუცილებლობა განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ათასობით უკანონო თვალთვალის ამსახველი ჩანაწერები გამოავლინეს.
პარასკევს IDFI-მ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც საქართველოში ბოლო წლის მოვლენები შეაჯამა. აქ მოხვდა სკანდალური ვიდეოჩანაწერები, კამპანიის „ეს შენ გეხება“ განახლება მარტში, „ორი გასაღების“ სისტემის მუშაობის პირველადი შედეგები, როდესაც მოსმენის ხელმისაწვდომობა აქვს მობილურ ოპერატორებსაც და შსს-საც.
„ორი გასაღების“ სისტემა სრულყოფილი არაა, რადგანაც არ ვრცელდება ინტერნეტზე, აღნიშნა იაკობიძემ.
„ეს ნიშნავს, რომ ვერ ვიქნებით დაზღვეული ყველაფრისგან, რადგანაც შსს-ს ხელი მიუწვდება კომუნიკაციის ყველა სახეობისადმი, რაც პოტენციურად საფრთხის შემცველია. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად დამატებითი მექანიზმებია აუცილებელია“, — განაცხადა მან.
„ორი გასაღების“ სისტემა არ ვრცელდება კონტრდაზვერვაზეც, რაც ხელისუფლებას მეტ ბერკეტს აძლევს, აღნიშნა იაკობიძემ.