თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. ცნობილი ესპანელი საოპერო მომღერლის ხოსე კარერასის კონცერტზე დასწრება თავისუფალი იქნება. ის 18 ივნისს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება.
ცნობილი ტენორის კონცერტი პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში იმართება. როგორც ორგანიზატორები იუწყებიან, კარერასთან ერთად ქართველი საოპერო მომღერალი სალომე ჯიქია იმღერებს.
ცნობილი ქართველი სოპრანო მაესტროსთან ერთად რამდენიმე დუეტს შეასრულებს. თბილისის სიმფონიურ ორკესტრს კი მაესტროს ძმიშვილი — დავიდ ხიმენეს კარერასი უდირიჟორებს.
კონცერტი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ 19:00 საათზე დაიწყება.
Check in Georgia საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტია, რომელიც მსოფლიოში საქართველოს პოპულარიზებასა და მისი საერთაშორისო იმიჯის ამაღლებას უწყობს ხელს.
პროექტის ფარგლებში უკვე გაიმართა სამი დიდი კონცერტი — ქართველი მსმენელის წინაშე წარდგნენ ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი და ჯგუფი Maroon 5. კონცერტებს ქართველ მსმენელთან ერთად მსოფლიოს 52-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტებიც დაესწრნენ.
ხოსე კარერასი მსოფლიოში აღიარებული ტენორი, მრავალრიცხოვანი ეროვნული და საერთაშორისო პრემიების მფლობელია. ის რიგი უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი და იუნესკოს კეთილი ნების ელჩია. ესპანეთში დიდი თანამემამულის პატივსაცემად მისი სახელი მიენიჭა კონსერვატორიას, რამდენიმე მუსიკალურ სკოლასა და საკონცერტო დარბაზს.