თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. ჩვენ ვერ მივიღებთ, არ მივიღებთ მონაწილეობას კრებაში, რადგან ზოგიერთი საკითხი რთულია და ჩვენთვის მიუღებელია, — განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას.
აღნიშნული გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა პარასკევს გამართულ სხდომაზე მიიღო. როგორც საქართველოს საპატრიარქოში განაცხადეს, ამ დროისთვის ოქმი მზადდება, რომელიც უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება და მასში მონაწილეობაზე უარის მიზეზები დასახელდება.
კუნძულ კრეტაზე სრულიად მართლმადიდებელთა კრება 16–27 ივნისს გაიმართება.
„ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენ მტკიცედ ვიდგეთ ჭეშმარიტების გზაზე. მტკიცედ ვიდგეთ მართლმადიდებელ სარწმუნოებაში. 17-დან იწყება კრება საბერძნეთში. ჩვენ ვერ მივიღებთ, არ მივიღებთ მონაწილეობას, რადგან ზოგიერთი საკითხი რთულია და ჩვენთვის მიუღებელია, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავიცვათ მართლმადიდებელი ეკლესიების ერთობა, მაგრამ ერთსულოვნება უნდა იყოს ჭეშმარიტების გზაზე", — ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
გავრცელებული ინფრომაციით, საქართველოს მსგავსად, დიდ კრებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს ბულგარეთმა, ანტიოქიამ, სერბეთმა. კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქის მრჩეველმა იოან ხრისავიგმა განაცხადა, რომ „თუ ერთი ან რამდენიმე ეკლესია კრებაზე წარმოდგენილი არ იქნება, ან უარს განაცხადებს მონაწილეობაზე, თითოეულ გადაწყვეტილებას მაინც ექნება ძალა და ყველა მართლმადიდებლური ეკლესიისთვის სავალდებულო იქნება“.