თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ სრულიად მართლმადიდებელთა კრებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. კრება კუნძულ კრეტაზე 16–27 ივნისს გაიმართება.
გადაწყვეტილება პარასკევს წმინდა სინოდმა მიიღო. როგორც საქართველოს საპატრიარქოში განაცხადეს, ამ დროისთვის ოქმი მზადდება, რომელიც უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება და მასში მონაწილეობაზე უარის მიზეზები დასახელდება.
„ჩვენი ეკლესია წმინდა და დიდ კრებაში მონაწილეობას არ მიიღებს“, – განუცხადა ჟურნალისტეს მესტია–ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ერთსულოვანი იყო.
წმინდა სინოდის სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე ხელმძღვანელობდა.
დიდ კრებაზე განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა მართლმადიდებლური ეკლესიის დამოკიდებულება სხვა არამართლმადიდებლურ ეკლესიებთან, ქორწინებების, კერძოდ, მართლმადიდებლებსა და არამართლმადიდებლებს შორის შერეული ქორწინებების დამაბრკოლებელი მიზეზები, ნათესავებს შორის ქორწინებები და ა. შ. ამ საკითხებთან დაკავშირებით მართლმადიდებლურ ეკლესიებს განსხავებული შეხედულებები აქვთ.
საქართველოს მსგავსად, დიდ კრებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს ბულგარეთმა, ანტიოქიამ, სერბეთმა. კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქის მრჩეველმა იოან ხრისავიგმა განაცხადა, რომ „თუ ერთი ან რამდენიმე ეკლესია კრებაზე წარმოდგენილი არ იქნება, ან უარს განაცხადებს მონაწილეობაზე, თითოეულ გადაწყვეტილებას მაინც ექნება ძალა და ყველა მართლმადიდებლური ეკლესიისთვის სავალდებულო იქნება“.