თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა ერთიანი სია განაახლა. თითოეულ მოქალაქეს საკუთარი მონაცემების გადამოწმება შეუძლია სპეციალურ საიტზე — voters.cec.gov.ge.
ცესკოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 7 ივნისს 73 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ 3, 634 საარჩევნო უბანი შეიქმნა, დადგინდა მათი ნომრები და საზღვრები; შესაბამისად, ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემების გადამოწმებისას, მომხმარებელი ასევე ნახავს ინფორმაციას თუ რომელ საარჩევნო უბანზეა რეგისტრირებული.
საქართველოში არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება, წინასაარჩევნო კამპანია კი ოფიციალურად 8 ივნისს დაიწყო. ამჟამინდელი ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნებში 30-ზე მეტი პარტია გეგმავს მონაწილეობის მიღებას.
ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია ხელმისაწვდომია საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიებისთვის, საარჩევნო ბლოკებისთვის, საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და ამომრჩევლებისთვის (ამომრჩეველს უფლება აქვს, მოითხოვოს მხოლოდ საკუთარი და ოჯახის წევრების შესახებ არსებული ყველა მონაცემის გაცნობა და მათში ცვლილების შეტანა).
უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაინტერესებულმა პირმა შესაბამის საარჩევნო კომისას უნდა მიმართოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-16 დღისა (2016 წლის 22 სექტემბერი) და მოითხოვოს ცვლილების შეტანა (საქართველოს ორგანული კანონის — საქართველოს საარჩევნო კოდექსის 31-ე მუხლი).
საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, 15 ივლისს ცესკო მორიგ განახლებულ მონაცემებს მიიღებს, რის საფუძველზეც კიდევ ერთხელ მოხდება ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ინფორმაციის განახლება.