მამუკა არეშიძე: საარჩევნო კამპანია შავ პიარზე აიგება!

ტყუილის ფენომენი
გამოწერა
რა გველის შემოდგომაზე, როგორი იქნება მომავალი პარლამენტი, ვინ და როგორ მოახერხებს საჭირო ხმების მოგროვებას, რა იყო ბიძინა ივანიშვილის წერილის მთავარი გზავნილი. sputnik-ი პოლიტოლოგ მამუკა არეშიძეს ესაუბრა.

– ბატონო მამუკა, რა გველის შემოდგომაზე? ზოგი ექსპერტის აზრით, ისევ ორპარტიულ პარლამენტს მივიღებთ.

— ორპარტიულ პარლამენტს კატეგორიულად გამოვრიცხავ. საქართველოში დღესაც მუშაობს ნაცნობ-მეგობრულ-ნათესაურ-კლანური სინდრომი. სავარაუდოდ, ხმები გადანაწილდება 6-7 პარტიას შორის. აქედან სერიოზული ფინანსური რესურსი აქვს 3-4-ს. არის პარტიები, რომელთაც გამარჯვების პრეტენზია არ აქვთ, მათთვის წარმატება იქნება ბარიერის გადალახვა. არის პარტიები, რომელთაც სოციალურ-ელექტორალური რესურსი გააჩნიათ, მაგრამ ფინანსურად მოიკოჭლებენ. ესენი ერთმანეთთან გაარკვევენ ურთიერთობას. 2012 წლისგან განსხვავებით ჩანს იდეოლოგიური განსხვავება. არა მემარჯვენე, ცენტრისტული და მემარცხენე, არამედ პროდასავლური, ზომიერად დასავლური, პრორუსული და პროეროვნული. ასეთი სახის დაპირისპირებაც იქნება.

ეუთოს დროშები ვენაში - Sputnik საქართველო
ეუთო: არჩევნები საქართველოში პოლიტიკურად დაძაბული იქნება

– ახლადშექმნილ პარტიებზე როგორი აზრის ხართ, რა რესურსი და შანსები აქვთ?

— მიუხედავად იმისა, რომ ახალი შექმნილია და ფინანსურადაც არც ისე წელგამართული, მეჭიაურის პარტიას თავისი ნიშა ექნება და, ჩემი აზრით, საკმაოდ ანგარიშგასაწევი ძალაა. არ გამოვრიცხავ, რომ ბარიერი დაძლიონ და პარლამენტში კვლავ ვიხილოთ. რაც შეეხება პაატა ბურჭულაძის პარტიას, ის ერთ-ერთი წელგამართული სუბიექტია, თუმცა სერიოზული ბრძოლა მოუწევს რესპუბლიკელებთან, „გირჩთან“, ალასანიას პარტიასთან და პროდასავლური ორიენტაციის მქონე სხვა ძალებთან.

– შეძლებს „ქართული ოცნება“ უმრავლესობით მოსვლას?

— სავარაუდოდ, არ უნდა გაუჭირდეს. ეს, ძირითადად, მაჟორიტარების ხარჯზე მოხდება. პროპორციულ არჩევნებში ისეთი რაოდენობით ვერ დააგროვებენ ხმებს, როგორც 2012 წელს, თუმცა თუ მათ ფინანსურ შესაძლებლობებს გავითვალისწინებთ, ბევრით არ უნდა ჩამორჩნენ 4 წლის წინანდელ მაჩვენებელს. საარჩევნო კამპანია, სავარაუდოდ, აიგება შავ პიარზე. ეს კარგად იმუშავებს მოსახლეობის იმ 60 პროცენზე, ვისაც ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის მისცეს ხმა. ძალიან სერიოზული ფაქტები გამომჟღავნდება, ბევრ მათგანს მიეცემა სამართლებრივი სტატუსი. გოგა ხაინდრავას ფილმი გვაქვს სანახავი. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე მეორე ადგილის საკითხი ჯერ ჰაერშია გამოკიდებული. კორცხელის ინციდენტი იმაზე მიუთითებს, რომ პროვაკაციებია მოსალოდნელი. ხელისუფლებამ სულ რომ ჯარი ჩააყენოს ყველა ობიექტზე, ინციდენტებს მაინც ვერ აიცილებს. კორცხელის თაობაზე მეც ვიცოდი წინასწარ და ხელისუფლებამაც, მაგრამ მაინც აყვნენ და ვერ აიცილეს თავიდან. ცოტა საკვირველი იყო შსს–ს პოზიცია, როცა აჰყვა საზოგადოების მოთხოვნას და მიკერძოებულად განიხილა მომხდარი. სერიოზული გამოძიება რომ ჩატარებულიყო, ორივე მხარე იქნებოდა დასასჯელი.

არჩევნები - Sputnik საქართველო
საპარლამენტო არჩევნებში უკვე 25 პარტიას უნდა მონაწილეობის მიღება

– ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო გამოსვლებს როგორ შეაფასებთ?

— ჩემთვის ეს სატელევიზიო გამოსვლები ნაკლებ საინტერესო გახლათ. უფრო მეტ ყურადღებას წერილს დავუთმობდი. თუმცა, რადგან გაინტერესებთ, მოგახსენებთ: ამ დებატებში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ბევრი ჟურნალისტი არის მხარე, ამდენად ჩემთვის ისინი ჟურნალისტები აღარ არიან. ვერ ვიტყვი, რომ რაიმე სახის სიამოვნება მივიღე, ხარვეზები იყო ივანიშვილის გამოსვლაშიც, სადაც მან ცალსახად წარმატებული უწოდა ხელისუფლებას. ჩემი აზრით, ეს უფრო პიარსვლა იყო, რადგან შეუძლებელია არ იცოდეს, რომ მთავრობაში არის სისუსტეები, განსაკუთრებით, მეორე-მესამე ეშელონებში. მთავარი კი, როგორც მოგახსენეთ, მისი წერილი იყო, სადაც ხაზგასმით აცხადებს, რომ სრულ პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე იმაზე, რაც იყო და რაც მომავალში მოხდება. 2012 წელს ქართველმა ხალმა სწორედ მის პირად პასუხისმგებლობას მისცა ხმა. საკმარისი იქნება ეს პასუხისმგებლობა 2016 წელს? სწორედ ამაზეა დამოკიდებული მომავალი საპარლამენტო არჩევნების ბედ-იღბალი.

თენგიზ ჩოჩუა

ყველა ახალი ამბავი
0