თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულ არქივში ამჟამად 5 მლნ–ზე მეტი დოკუმენტია დაცული, აქედან დაახლოებით 440 ათასი ფოტოდოკუმენტია, 19 ათასი — ფონოდოკუმენტი, ხოლო 35 ათასი — კინოდოკუმენტი.
დღეს მსოფლიოში არქივების საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც 2004 წელს ვენაში არქივების საერთაშორისო საბჭოს კონგრესმა დააარსა.
საქართველოს ეროვნული არქივი ამ დღეს უკვე რამდენიმე წელია აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით დღეს გამოფენა გაიმართა სახელწოდებით „ქართული ანბანის სამი სახეობა“.
საქართველოს არქივში ისტორიული დოკუმენტები, იშვიათი ხელნაწერები, თანამედროვე დოკუმენტები, ნახატები, ნახაზები, სურათები, ატლასები, აფიშები საქართველოს სახელმწიფო, კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრების ამსახველი დოკუმენტები ინახება IX საუკუნიდან დღემდე.
ივლისიდან ყველა მსურველს ექნება საშუალება, გაეცნოს უნიკალურ დოკუმენტებსა და ექსპონატებს, რომლებიც არქივის ახალ პავილიონში გამოიფინება.
საქართველოს ეროვნული არქივი 1920 წლის 23 აპრილს დაარსდა. ოფიციალური ვერსიით, საქართველოში დოკუმენტური ძეგლების შენახვა ჯერ კიდევ VI საუკუნეში დაიწყო.
არქივს სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა სახელი ერქვა: „საჭურჭლე“, „გოდორი“, „დავთარხანა“, „სამეფო პალატა“, და ისინი ძირითადად სამეფო კარზე არსებობდა. მათ გარდა ასევე არსებობდა საეკლესიო–სამონასტრო და კერძო არქივები.
ხშირი თავდასხმებისა და შემოტევებისას მტერი არქივებს წვავდა და ამ გზით უამრავი უძველესი ხელნაწერი განადგურდა.
2015 წელს საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული უძველესი ხელნაწერები იუნესკოს პროგრამის „მსოფლიო მეხსიერების“ რეესტრში შეიტანეს.