თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური არქივი პარიზში, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში გამოიფინა.
საარქივო მასალები 1918–1921 წლების მოვლენებს, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოცხადების პერიოდს ეძღვნება. გამოფენა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანმა არლემ დეზირმა გახსნეს.
„წელს 25 წელი სრულდება იმ დროიდან, როდესაც საქრათველო კიდევ ერთხელ გახდა დამოუკიდებელი. ეს ამაყი სახელმწიფოა, რომელიც მომავალში იყურება და ეს მომავალი ერთმნიშვნელოვნად ემყარება ევროპულ ფასეულობებს“, — ციტირებს მარგველაშვილის სიტყვებს სახელმწიფოს მეთაურის პრეს-სამსახური.
არლემ დეზირმა, თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტის საფრანგეთში ვიზიტი მნიშვნელოვნად შეაფასა და არქივიდან ორი დოკუმენტი საჩუქრად გადასცა მას.
„ეს დიპლომატიური არქივი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ინახებოდა და ის ამ დარბაზში სპეციალურად გამოვფინეთ თქვენი ვიზიტისთვის. ეს ჩვენი ძლიერი მეგობრობისა და იმ ფასეულობების სიმბოლოა, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს“, — განაცხადა დეზირმა.
გამოფენას ესწრებოდნენ საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას ქალიშვილი ნათელა ჟორდანია და პირველი ქართული დემოკრატიული მთავრობის ლიდერების საფრანგეთში მცხოვრები შთამომავლები.