თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ჰესის მშენებლობის შესახებ ფანტაზიის ნაყოფი უწოდა და აღნიშნა, რომ ამ ტერიტორიაზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა არ იგეგმება.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ კომპანია „წავკისი ჰესი“, რომელიც საქართველოს ექს-პრემიერს ეკუთვნის, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას პირადი მიზნებისთვის აპირებს.
„ვფიქრობ ეს არის ფანტაზიის ნაყოფი, ოღონდ მთლად ნიჭიერი ფანტაზია არ უნდა იყოს. არ ვფლობ ინფორმაციას და არ ვფიქრობ, რომ ჰიდროელექტროსადგური უნდა აშენდეს იქ. ბოტანიკურ ბაღში ჰიდროელექტრო სადგურის, კოსმოდრომის ან რაიმე მსგავსი დიდი ინფრასტრუქტურის მშენებლობის თაობაზე ჩემთვის ცნობილი არაფერია“ — განაცხადა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა.
თბილისის ბოტანიკური ბაღის ირგვლივ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ასევე კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და აღნიშნა რომ დასახელებულ ტერიტორიაზე არ ხდება ისეთი რამ, რაც საზოგადოებისთვის მიუღებელი იქნება.
„საზოგადოებისთვის საინტერესო არ იქნება იმ ხალხის პოლიტიკურად რეზონანსული განცხადებების მოსმენა, რომლებიც სიცრუის ტირაჟირებას ახდენენ. ის არც ჩემთვის არის საინტერესო“, — განაცხადა ნარმანიამ.
ჰიდროელექტროსადგურის შესაძლო მშენებლობასთან დაკავშირებით კომენტარი ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციამაც გააკეთა.
„როგორც თავად ხედავთ, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა ფიზიკურად შეუძლებელია. ოპოზიციას კონკრეტულად თუ რომელი მშენებლობა აქვს მხედველობაში, თქმა არ შემიძლია, თუმცა, ზუსტად შემიძლია განვაცხადო, რომ არანაირი ჰესის მშენებლოა აღნიშნულ ტერიტორიაზე არ იგეგმება“, — განაცხადა თარხნიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, ჰიდროელექტროსადგური არაკომერციული დანიშნულებისა იქნება და ელექტროენერგიით ივანიშვილის ბიზნესცენტრსა და ტელეკომპანია GDS–ს მოამარაგებს.
განცხადების დასამტკიცებლად ოპოზიციამ ორი დოკუმენტი წარმოადგინა. აქედან ერთი — ენერგეტიკის სამინისტროს მიერ აღნიშნული კომპანიისთვის სადგურის აშენების უფლების მინიჭების დამადასტურებელი, მეორე დოკუმენტით კი „წავკისი ჰესი“ თბილისის მერიას, ენერგეტიკის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, აღნიშნული ტერიტორიის საკუთრებაში გადაცემას სთხოვს.