თბილისი, 4 მაისი- Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ბათუმის ბოტანიკურ ბაღის ტერიტორიაზე საკუთარი რეზიდენციის აშენებას გეგმავს, განაცხადა ბათუმის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავჯდომარემ გიორგი კირთაძემ.
მწვანე კონცხზე მდებარე ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიის გაყიდვა ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს. მათი ინფორმაციით, მიწის ნაკვეთი, რომელიც ყოფილ აგრარულ ინსტიტუტს, ახლა კი შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეკუთვნოდა, ივანიშვილმა შეიძინა.
„ბიძინა ივანიშვილი ბათუმის უნივერსიტეტის დანგრევას და მის სანაცვლოდ ისეთივე ბიზნეს-ცენტრის აშენებას გეგმავს, როგორიც თბილისში აქვს…დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილი აქაც საკუთარ აპარტამენტებს აშენებს და ამით ბოტანიკურ ბაღს ანგრევს“,- ჟურნალისტებთან განაცხადა კირთაძემ.
ამასთან, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ 2,5 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომელზეც ოპოზიცია საუბრობს, სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა, რომელიც 2015 წლის ნოემბერში აუქციონზე 1,7 მილიონ ლარად გაიყიდა. აუქციონი კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტმა“ მოიგო.
„პრივატიზაციის პირობების თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა ააშენოს არა ნაკლებ 150-კაციანი სასტუმრო, კეთილ მოაწყოს ღია და დახურული აუზები და კვების ობიექტები, განავითაროს შესაბამისი ინფრასტრუქტურა… სამი წლის განმავლობაში ინვესტიციამ 30 მილიონი ლარი უნდა შეადგინოს“, — განაცხადა უწყების წარმომადგენელმა ზურაბ ჭურკვეიძემ.
მიწის ეს ნაკვეთი ბოტანიკურ ბაღს არ ეკუთვნის, ხოლო უნივერსიტეტს რაც შეეხება, ჭურკვეიძის განმარტებით, მისი შენობა არ გასხვისებულა და ბათუმის უნივერსიტეტის მფლობელობაში რჩება.
ივანიშვილის სასარგებლოდ სახელმწიფო საკუთრების თითქოსდა უკანონო გასხვისების საკითხი აქტუალური იმის შემდეგ გახდა, რაც ოპოზიციამ თბილისის ეროვნული ბოტანიკური ბაღის კუთვნილი 4 ჰექტარი მიწის უკანონო მიტაცება ექს-პრემიერს დააბრალა. პარკის ადმინისტრაციაში ეს უარყვეს და განმარტეს, რომ ბოტანიკური ბაღის საზღვრები სამხრეთ-დასავლეთი ნაწილის თაბორის მთის ტერიტორიაზე გაცვლის ხარჯზე შეიცვალა.
სიტუაცია წინადღეს კიდევ უფრო გამწვავდა, როდესაც ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტის მიუხედავად, თბილისის მერიამ აუქციონზე ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიის კიდევ 29 ჰექტარი მიწა ივანიშვილის საკუთრებაში მყოფ „თანაინვესტირების ფონდს“ 6,3 მილიონ ლარად მიჰყიდა.
რამოდენიმე თვის წინ საქართველოში ივანიშვილთან და იშვიათი ხეების მიმართ მის სიყვარულთან დაკავშირებული სკანდალი აგორდა. შავი ზღვის კურორტ შეკვეთილში დენდროლოგიური პარკის მოსაწყობად ივანიშვილმა სამი მრავალსაუკუნოვანი ხე შეუკვეთა, რომლებიც ციხისძირში უნდა გადაეტანად. ერთ-ერთი ხის ზღვით გადატანაც კი მოუწიათ, რამაც ქართულ სოციალურ ქსელებში მრავალი ხუმრობა და ოპოზიციის კრიტიკა გამოიწვია.