თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. მონასტერი თუ საცოცი პარკი?— სოციალური ქსელში ამ სათაურით პოსტი საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის პრეზიდენტმა დავით რაქვიაშვილმა გამოაქვეყნა, რომელშიც სასულიერო პირები დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი მთამსვლელებს კაცხის სვეტზე ცოცვას უკრძალავენ.
რამდენიმე დღის წინ Fb-მომხმარებელმა ანა დულარიძემ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კაცხის სვეტის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენებულმა სამონასტრო კომპლექსმა მიიერთა ათწლეულების განმავლობაში შექმნილი უნიკალური საცოცი პარკი და დროთა განმავლობაში შეზღუდა საცოც პარკზე წვდომა და ბოლოს შეუძლებელი გახადა მისი გამოყენება.
საცოცი პარკის შექმნაზე სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციები მუშაობდნენ, გარდა ამისა, საკუთარი წვლილი შეიტანა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. აქ სპორტული შეჯიბრებები და საგამყოლო კურსები ტარდებოდა, ვარჯიშობდნენ სამხედროები და მოყვარულები.
სოციალურ ქსელში მთამსვლელებმა უკმაყოფილება გამოხატეს სასულიერო პირების მისამართით. თავის მხრივ, საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის პრეზიდენტმა დავით რაქვიაშვილმა ყველა მხარდამჭერს სასულიერო პირების მისამართით შეურაცხმყოფელი კომენტარების გაკეთებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.
„მინდა აღვნიშნო, რომ მეკლდეურობის და მთასვლელობის მხარდაჭერა არ შეიძლება გამოიხატებოდეს ეკლესიის, საპატრიარქოს, რელიგიის ან კონკრეტული საეკლესიო პირის ლანძღვაში. პირიქით, ეს ეწინააღმდეგება მთასვლელობის და საგამყოლო ეთიკას“, — განაცხადა რაქვიაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, სამონასტრო კომპლექსმა მიიერთა ათწლეულების განმავლობაში შექმნილი უნიკალური საცოცი პარკი და რადგან მხიარულება და ჟრიამული, რომელიც თან სდევს სპორტს და ტურიზმს, შეუთავსებელია სამონასტრო ცხოვრებასთან, თანდათანობით შეზღუდა საცოც პარკზე წვდომა.
„სასულიერო პირებმა თანდათანობით შეზღუდეს საცოც პარკზე წვდომა და ბოლოს შეუძლებელი გახდა მისი გამოყენება“, — დაწერა მან.
სასულიერო პირების მხრიდან გაკეთებულმა განცხადებებმა, რომ საქართველოში უამრავი კლდეა და არ არის აუცილებელი კაცხის სვეტზე ცოცვა, სპორტსმენებში უკმაყოფილება გამოიწვია.
„ასეთი საცოცი პარკის შექმნა “სხვაგან” შეიძლება განუხორციელებელი მისია აღმოჩნდეს — ალტერნატივას ჯერ მოძებნა სჭირდება, ხოლო განვითარებას – წლები და ათიათასობით ლარი“, — ხაზგასმით აღნიშნა რაქვიაშვილმა.
საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის პრეზიდენტის განმარტებით, გარდა ფიზიკური ჯანმრთელობისა, მთამსვლელობა ამტკიცებს ნებისყოფას, ავითარებს გადაწყვეტილების მიღების უნარს და ბრძოლისუნარიანობას, აძლიერებს პასუხისმგებლობის გრძნობას და ამდიდრებს სულიერებას, აახლოვებს ადამიანს ღმერთთან, აღნიშნავს რაქვიაშვილი.