თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ტყის ჩეხვის წესების გამკაცრების მიზნით ტყის ახალ კოდექსს ამუშავებს.
საქართველოს სოფლების მოსახლეობის 80%-ზე მეტი ადგილობრივ ტყეებში დამზადებულ შეშას მოიხმარს. იმისთვის, რომ ჩეხვა შეჩერდეს, ქვეყნის ხელისუფლება სოფლის მოსახლეობის ტყის ნარჩენებით ეტაპობრივ მომარაგებას გეგმავს.
ტყის ეროვნული სააგენტო, გამომდინარე იქიდან, რომ უწყებაში კვალიფიციური სპეციალისტები მუშაობენ, რომლებმაც ზუსტად იციან, სად რომელი ხის მოჭრა შეიძლება, საკუთარ თავზე იღებს ხეების სხვადასხვა საჭიროებისთვის ჭრის ვალდებულებას, განაცხადა ბუნების დაცვის დეპარტამენტის მთავარმა სახელმწიფო ინსპექტორმა ნელი კორკოტაძემ.
„თუ ხეს შესაბამისი ცოდნის არმქონე პირი მოჭრის, მნიშვნელობა არ აქვს, ლეგალურად თუ არალეგალურად, ნებისმიერ შემთხვევაში მიაყენებს ზიანს გარემოს“, — ციტირებს კორკოტაძის სიტყვებს საინფორმაციო სააგენტო "ნოვოსტი გრუზია".
ამჟამად უკანონო ჭრისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედებისთვის კი 1000 ლარი.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ნორვეგია პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ხის ჭრის მაჩვენებელი ნულამდე დავიდა.
„ნორვეგიამდე ბევრი გვიკლია. რამდენიმე წელი დაგვჭირდება, რომ ნორვეგიის მაჩვენებელს მივუახლოვდეთ. დიდი იმედი გვაქვს, რომ ტყის ახალი კოდექსი, რომელიც შემუშავების ბოლო ეტაპზეა, ახალ წესებს დანერგავს და ვითარებას გააუმჯობესებს“, — ხაზი გაუსვა მთავარმა სახელმწიფო ინსპექტორმა.
მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული სატყეო სააგენტოს სამსახურები 24-საათიან მონიტორინგს ეწევიან, ხოლო დაცული ტერიტორიების სააგენტო და ბუნების დაცვის სამეთვალყურეო დეპარტამენტი საკმაოდ მკაცრად აკონტროლებენ ვითარებას, ტყის უკანონო ჩეხვის ფაქტები მაინც ფიქსირდება, აღნიშნა ინსპექტორმა.
„უნდა ავამაღლოთ ადამიანების შეგნება. ყველამ უნდა გაიგოს, რომ ყოველი გაჩეხილი ხე — ეს გარემოსთვის მიყენებული ზიანი და, შესაბამისად, ადამიანის ჯანმრთელოებისთვის შექმნილი საფრთხეა“, — დაამატა ნელი კორკოტაძემ.
საქართველოში ტყე ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 40%-ს იკავებს. აქედან 97% დიდი და მცირე კავკასიონის ფერდობებზეა, დანარჩენი კი აღმოსავლეთ საქართველოსა და კოლხეთის დაბლობებზეა გაშლილი.