თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. საქართველომ 180 ქვეყანას შორის ეკოლოგიური ეფექტურობის რეიტინგში (Environmental Performance Index, EPI), 111-ე ადგილი დაიკავა და 2014 წლის მონაცემებთან შედარებით (101-ე ადგილი), 10 პუნქტით ჩამოქვეითდა, ნათქვამია იელისა და კოლუმბიის უნივერსიტეტების ანგარიშში.
საერთო ჯამში, მკვლევარებმა საქართველოს 64,96 ქულა მიანიჭეს მაქსიმალური 100 ქულიდან.
2016 წლის ციფრული ინდექსის გამოყვანისას, ავტორები ისეთი კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდნენ, როგორიცაა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ქვეყნის წყლის რესურსების მდგომარეობა, სანიტარული ნორმები, ბუნება და გარემო.
მეზობელ ქვეყნებს შორის, ყველაზე უკეთესი მდგომარეობაა აზერბაიჯანში, მან 31-ე ადგილი დაიკავა რეიტინგში. შემდეგ მოდის რუსეთი (32), სომხეთი (37) და თურქეთი (99). უკრაინა 44-ე ადგილზეა.
პირველ ხუთეულში მოხვდნენ ფინეთი, ისლანდია, შვეცია, დანია და სლოვენია. აშშ-ს 26-ე ადგილი უჭირავს, რუსეთს 32-ე, ამასთან ამ ქვეყანამ 10 წლის მანძილზე თავისი მაჩვენებელი 24%-ით გააუმჯობესა, ნათქვამია მოხსენებაში.
სიის ბოლო ადგილებზე არიან სომალი, ერიტრეა, მადაგასკარი და ნიგერიია.
EPI-ს ანგარიში ქვეყნებზე ორ წელიწადში ერთხელ დგება. ტრადიციულად გამოქვეყნებამდე მას დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე წარადგენენ.