თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. საავტომობილო გზების ყოფილი სამინისტროს შენობა, სამაუწყებლო კორპორაცია BBC–ს ვერსიით, მსოფლიო ბრუტალიზმის ულამაზეს ნაგებობათა ათეულში მოხვდა.
ჩამონათვალი ბრიტანელი მწერლის ჯონათან გლენსის ახალ წიგნში შევიდა, რომლის სახელწოდებაცაა „ბრუტალური სამყარო“.
ბრუტალური სტილის ყველაზე შთამბეჭდავი არქიტექტურული ნაგებობების პირველ ხუთეულში შევიდა: ბაზელის ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯი (1961 წ.), ტოკიოს „თაუერ ჰაუსი“ (1966 წ.), ნიუ–იორკის სასამართლოს „ორანჯ ქანთრის“ ძველი შენობა (1967 წ.), ლონდონის ცათამბჯენი „თრელიქ თაუერი“ (1972 წ.) და სალვადორის საგამოფენო ცენტრი (1974 წ.).
თბილისური ბრუტალიზმის ნიმუში ВВС–ს ჩამონათვალში მეექვსე ადგილს იკავებს.
შენობა, რომელშიც წარსულში საქართველოს სსრ–ის საავტომობილო გზების სამინისტრო იყო განთავსებული, 1975 წელს ინდივიდუალური პროექტით აშენდა, რაც საბჭოთა პერიოდის საქართველოში დიდი იშვიათობა იყო. არქიტექტორები იყვნენ გიორგი ჩახავა და ზურაბ ჯალაღანია. მათგან პირველს საავტომობილო გზების მინისტრის თანამდებობა ეკავა, ასე რომ, პროექტის დამკვეთიცა და შემსრულებელიც თავად გახდა.
პროექტი ეგრეთ წოდებულ „სივრცის ქალაქს“ წარმოადგენს, რომლის იდეაც იმაში მდგომარეობდა, რომ რაც შეიძლება ნაკლები მიწის ფართობის გამოყენებით შეენარჩუნებინათ შენობის ქვეშ მოქცეული ფლორა.
როგორც თავად გიორგი ჩახავა ამბობს, ამგვარი პროექტი საქართველოს ლანდშაფტმა და მთის სოფლებმა შთააგონა.
2007 წელს შენობა ეროვნული არქიტექტურის ძეგლად აღიარეს.
რაც შეეხება BBC-ს მსოფლიო ბრუტალიზმის საუკეთესო ნაგებობათა სიას, ბოლო ოთხი ადგილი მასში უკავია: Jenaro Valverde Marín–ს სან–ხოსეში (1976), საბჭოთა კავშირის საელჩოს ჰავანაში (1985), მადრიდის საცხოვრებელ სახლს Hemeroscopium House–ს (2008) და ბოსტონის „სითი ჰოლს“ (1968).
ბრუტალიზმი — 1950–1970 წლების მიმართულებაა არქიტექტურაში, ჩაისახა დიდ ბრიტანეთში და აქედან გავრცელდა მთელ მსოფლიოში.