თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. პრიმიტივიზმის ქრთველი გენიოსის ტილო „შველი წყლის პირას“ ლონდონში გამართულ Sotheby’s აუქციონზე გაიყიდა. მისი მყიდველი ცნობილი ქართველი მილიარდერი და საქართველოს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი გახდა.
ეს არ არის ნიკო ფიროსმანის პირველი ნახატი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა. შარშან Christie's აუქციონზე ქართველმა ოლიგარქმა ფიროსმანის ნახატი „არსენალის მთა ღამით“ 1, 5 მილიონ დოლარად შეიძინა და საჩუქრად შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმს გადასცა.
ტილო „შველი წყლის პირას“ Sotheby’s დღევანდელ აუქციონზე ღირებულებით მეორე გახდა. ფიროსმანის ნახატი 629 ათას გირვანქა სტერლინგად გაიყიდა (დაახლ. 916 ათასი დოლარი), მაშინ როდესაც თავდაპირველად ის 150–200 ათას გირვანქა სტერლინგად ფასდებოდა (დაახლ.220 — 292 ათასი დოლარი).
გაყიდვების ლიდერი გახდა რუსი მხატვრის ივანე შიშკინის ნახატი „ფიჭვნარის პირას“. ის 1,385 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაიყიდა.
ტილო, რომელიც შიშკინის მიერ გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრეა დახატული, თავდაპირველად 500-700 ათას გირვანქა სტერლინგად (729 ათ. — 1,020 მლნ დოლარი) ფასდებოდა.
აუქციონზე წარმოდგენილი ქართველი მხატვრის მეორე ტილოც —ავანგარდისტ ლადო გუდიაშვილის ნამუშევარი-ნიკო ფიროსმანის პორტრეტი სახელწოდებით „ჩვენი ნიკო“, 75 ათას გირვანქა სტერლინგად გაიყიდა (109,3 тыс.დოლარი). მყიდველის ვინაობა არ ხმაურდება.
რუსული მხატვრობის სექციაში წარმოდგენილი ორივე ქართველი მხატვრის ტილოს გაყიდვით ამოღებულმა მთლიანმა თანხამ 5,130,000 გირვანქა სტერლინგი შეადგინა.
ნიკო ფიროსმანის ტილო „შველი წყლის პირას“ Sotheby’s აუქციონზე ბოლოჯერ 2011 წლის ნოემბერში გაიყიდა. მანამდე ტილო 50 წლის მანძილზე ქართველი მსახიობის თამარ ციციშვილის კერძო კოლექციაში ინახებოდა. ციციშვილების ოჯახის მიერ ნახატის აღმოჩენის ისტორია 1977 წელს ქართული ჟურნალის „დროშას“ ფურცლებზე იყო მოთხრობილი. როგორც გამოცემა წერდა, 1949 წლის ზაფხულში ციციშვილების ოჯახმა ქართველი პრიმიტივისტის ეს ტილო ერთ-ერთ ქართულ დუქანში „თეთრი დუქანი“ შეიძინა.
მეორე ნახატი, პორტრეტი „ჩვენი ნიკო“, გუდიაშვილის მიერ 1956 წელს შეიქმნა. 1962 წელს გუდიაშვილმა ეს ტილო ცნობილ ინგლისელ რომანისტს, დრამატურგსა და თეატრალურ რეჟისორს ჯონ ბოინტონ ფრისთლის აჩუქა, რასაც ტილოს უკანა მხარეს გაკეთებული წერილობითი მიძღვნა მოწმობს. ფრისთლიმ კი ნახატი თავის მდივანს აჩუქა, რომლის შემდეგ ტილო ამჟამინდელ მფლობელთან მოხვდა, რომლის ვინაობა არ საჯაროვდება.