თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. უნივერსიტეტის განვითარებასთან, სტუდენტური თვითმმართველობის სისტემის ფუნდამენტურ რეფორმებთან და სწავლების ხარისხთან დაკავშირებული საკითხები იყო ის თემები, რომლებზეც განათლებისა და მეცნიერების ახალმა მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე იმსჯელა.
„მე მივიღე სტუდენტებისგან დავალება, რომ ძალიან ოპერატიულად გადავწყვიტო მთავრობაში ეს საკითხები“, — განაცხადა ჯეჯელავამ შეხვედრის შემდეგ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ „აუდიტორია 115“–ის სტუდენტ–აქტივისტთა მთავარი მიზანი და სურვილი — უნივერსიტეტის განვითარებაა, რათა ყველა უმაღლესი სასწავლებელი მოწინავე გახდეს და საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდეს.
„ცალსახად ამ პოზიციას ვიზიარებთ მეც და სამინისტროც, რომ უნივერსიტეტი უნდა განვითარდეს და აჰყვეს დროს. გუშინდელი მეთოდებით მუშაობა შეუძლებელია… ისინი არ ითხოვენ თვითმმართველობის გაუქმებას, ისინი ითხოვენ, რომ თვითმმართველობის ახლანდელი ფორმა და სისტემა შეიცვალოს პროგრესული და გამჭვირვალე სისტემით“, — აღნიშნა განათლების ახალმა მინისტრმა.
ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში აპირებს თსუ–ის თვითმმართველობასთან შეხვედრასაც.
„აუდიტორია 115“–ის წარმომადგენლები კმაყოფილი დარჩნენ მინისტრთან შეხვედრით, ვინაიდან მიიღეს დაპირება, რომ კონკრეტულ შეკითხვებზე კონკრეტულ პასუხებს ხუთშაბათამდე მიიღებენ.
ერთ–ერთმა აქტივისტმა ლევან ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ „აუდიტორია 115“ მოითხოვს „საშინელი, ბიუროკრატიული სტრუქტურის, მონსტრის გაუქმებას“ და არა სტუდენტების ჩამოშორებას უნივერსიტეტის მართვისგან.