თბილისი, 19 მაისი — Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელად ბახვა კვირიკაშვილი აირჩიეს.
გუშინ თვითმმართველობის პრეზიდენტმა შალვა საბაურმა განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს. თსუ-ის თვითმმართველობის პრეზიდენტის არჩევნები მოგვიანებით (ექვსი თვის განმავლობაში) გაიმართება.
„უფლებამოსილების ვადა ამოიწურა. იმის გამო, რომ არჩევნები გადაიტანეს, სამართლებრივი კუთხით, ამ თანამდებობაზე დარჩენა კიდევ ექვსი თვე შემიძლია, მაგრამ გადავწყვიტე, არ დავარღვიო ტრადიცია, როგორც სხვები აკეთებენ ამ უნივერსიტეტში და ვადის ამოწურვისთანავე წავიდე“, — განუცხადა საბაურმა Sputnik-ს.
ასევე გადადგა საბაურის მოადგილე — პაატა ბახტურიძე. ისინი მანამდე აქტიურად მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციებში, რომელიც თსუ-ის რექტორის ვლადიმერ პაპავას გადადგომით დასრულდა.
უნივერსიტეტს ამჟამად დროებით ხელმძღვანელობს პროფესორი დარეჯან თვალთვაძე. რექტორის არჩევნები აგვისტოში ჩატარდება.