თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ორშაბათს საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ აფხაზური მხარის მხრიდან ამ დრომდე არ მოსულა არანაირი ცნობა გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაკავების შესახებ.
30 წლის აფხაზეთიდან დევნილი გიგა ოთხოზორია 19 მაისს სასიკვდილოდ დაჭრეს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ოთხოზორიას მკვლელობაში აფხაზეთის დე–ფაქტო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომელ რაშიდ კანჯი–ოღლის წაუყენა ბრალი და გარდა ამისა, ინტერპოლს გადასცა ძებნის გამოსაცხადებლად. აღნიშნულ ფაქტზე ასევე აღძრა საქმე აფხაზეთის დე–ფაქტო სამხედრო პროკურატურამ.
“უკიდურესად შემაშფოთებელია ის გარემოებაც, რომ ამ ტრაგიკულმა ფაქტმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა პოზიტივი, რასაც ჩვენ მივაღწიეთ ნდობის აღდგენის მიმართულებით. მეტიც, ამ პირობებში, უაღრესად რთულდება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების გაგრძელება. ასევე, ეს ფაქტი მნიშვნელოვნად ართულებს ჟენევის დისკუსიების ფორმატში მიმდინარე დიალოგს, მანამ, ვიდრე დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები, გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაკავებასთან დაკავშირებით, უმოქმედობას იჩენენ», ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.
კვირიკაშვილი წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ გალის ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ბოლო შეხვედრის ფარგლებში, ქართული მხარის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გადასცეს საქმესთან დაკავშირებული ყველა მასალა, მაგრამ სამწუხაროდ შედეგი არ დადგა.
“მოცემულ ვითარებაში, არსებობს რისკი, რომ მკვლელს ვიღაც გაუსწორდეს. უფრო მეტიც, შეიძლება ეს გააკეთოს იმ მხარემ, რომელიც პირდაპირ არის დაინტერესებული ნდობის აღდგენის პროცესის ჩაშლით.
ამიტომ, ვფიქრობთ, სასწორზე დევს ძალიან დიდი რამ! რისკები ძალიან მაღალია. არის ერთადერთი რაციონალური და სწორი ქმედება — ესაა მკვლელის დაუყოვნებლივ დაპატიმრება, თუნდაც დე-ფაქტო ხელისუფლების ხელთ არსებული ცალმხრივი, ჩვენს მიერ არაღიარებული ჩარჩოს ფარგლებში», — ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.
„გალის შეხვედრის ფარგლებში, ჩვენ რა თქმა უნდა, მოვითხოვეთ დამნაშავის დაუყოვნებლივ გადმოცემა, მაგრამ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეს პირდაპირ დაუკავშირეს სტატუსის საკითხს და აპელირება მოახდინეს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს არარსებობაზე. საკითხის საგანგებო ხასიათიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მკვლელი დაუყოვნებლივ იქნას დაპატიმრებული.
ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობა უნდა აღდგეს. ასეთი სისასტიკით ჩადენილი დანაშაულის დაუსჯელობა კი მხოლოდ გახსნის იარებს, რაც მხოლოდ ქართველი და აფხაზი ხალხის მტრების ინტერესშია. შესაბამისად, ჩვენ გვმართებს ცივი გონება, რათა ჩიხში შესული არსებული სიტუაცია ერთობლივი ძალისხმევით შემოვაბრუნოთ”, — აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.