თბილისი, 22 მაისი — Sputnik. აშშ მხარეებს გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის სწრაფად განახლებისა და ამ ფორმატის ფარგლებში გალში მომხდარი ინცინდენტზე რეაგირებისკენ მოუწოდებს. შესაბამის მოწოდება საქართველოში აშშ-ის საელჩოს ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.
საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია სოფ.ხურჩაში 19 მაისს მოკლეს. აფხაზეთის ე.წ. სამხედრო პროკურატურამ აფხაზი „მესაზღვრის“ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, თავის მხრივ, რაშიდ კანჯიოღლის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო.
„აშშ გმობს შეუიარაღებელი მამაკაცის სასიკვდილოდ დაჭრას სოფელ ხურჩაში, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე, ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან ახლოს… შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს სურვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, — ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, აშშ მხარეებს მოუწოდებს „სასწრაფოდ განახლდეს გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატი“. ანალოგიური რეკომენდაციით გამოვიდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ქართულმა მხარემ უკვე განაცხადა, რომ შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება.