თბილისი,6 ივნისი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური "iPhone+" და "Apple City" კომპანიების მიმართ ნახმარი სმარტფონების როგორც ახალს გაყიდვაში ეჭვის გამო გამოძიებას აწარმოებს.
„განხორციელდა საკონტროლო შესყიდვები და სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, აიფონის ბრენდის რამდენიმე მოდელი არ არის ქარხნულად ახალი და უკვე ნამყოფია ექსპლუატაციაში, რომლებსაც აღნიშნული ფირმის ობიექტებში ასაღებდნენ როგორც ახალ ტელეფონებს“,- ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოკუმენტაციის შესწავლა და სავარაუდოდ ექსპლუატაციაში ნამყოფი მობილური ტელეფონების "iPhone+" და "Apple City" ქსელიდან ამოღება, ექსპერტიზის ჩატარების მიზნით.
აღიძრა თუ არა ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე და როდის დაიწყო გამოძიება — ეს ინფორმაცია არ კონკრეტდება.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც "iPhone+" კომპანია საზოგადოებრივი სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა.
გასული წლის ნოემბერში ამ კომპანიის თანამშრომლებმა ვიდეორგოლი გადაიღეს, სადაც ისინი ნიღბებით და იარაღით ხელში არაბულ ენაზე სხვა კომპანიებს მიმართავენ, ემუქრებიან მათ სასტიკი კონკურენციით და მომხმარებელთა ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებენ. ვიდეორგოლის ბოლოში ნიღბიანი ადამიანები სკანდირებდნენ „ალაჰ აკბარ“.
ვიდეორგოლმა ისლამური სარწმუნოების საქართველოს მცხოვრებთა და სოციალური ქსელების მომხმარებელთა აჟიოტაჟი და უკმაყოფილება გამოიწვია, რომლებმაც ეს აქცია ჩათვალეს მათი რელიგიური გრძნობების შეურაცყოფად.
გარდა ამისა, მიმდინარე წლის თებერვალში "iPhone+"-ის მაღაზიამ კომპანია Apple-ს „ნაკურთხი სმარტფონების“ გაყიდვების დაწყების შესახებ გამოაცხადა. მაღაზიის მარკეტინგული სვლა ასევე სოციალურ ქსელებში ცხარე განხილვების თემად იქცა. მომხმარებელთა ნაწილი აღშფოთებული იყო იმით, რომ მეწარმეები ხალხის რელიგიურ გრძნობებს პირადი გამდიდრებისთვის იყენებს.