თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა WineExpo Georgia 2016-ის ფარგლებში, გამართულ ღვინის მე-8 საერთაშორისო კონკურსზე — 8th International Wine Award — წლის საუკეთესო ღვინოდ კომპანიის,,საწნახელი“ წარმოებული ღვინო,,ქვევრის საფერავი რჩეული“ დასახელდა, იტყობინება ღვინის ეროვნული სააგენტო.
კონკურსზე ღვინის ნიმუშები წარდგენილი ჰქონდათ როგორც მსხვილ კომპანიებს, ისე მცირე და საოჯახო მარნებს, ჯამში 40 კომპანიის 153 სხვადასხვა დასახელების ღვინო.
კონკურსში წარმოდგენილი ღვინოები ენოლოგებით, საერთაშორისო ექსპერტებით და სპეციალისტებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეაფასა. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: ჟიურის თავმჯდომარე, ღვინის მაგისტრი — ტიმ ატკინი (Mr. Tim Atkin MW — ბრიტანეთი), ღვინის მაგისტრი- კენიჩი ოჰაში (Kenichi Ohashi MW — იაპონია), ღვინის მაგისტრი — რიჩარდ კერშაუ (Richard Kershaw MW – სამხრეთ აფრიკა), ისა ბალი (Isa Bal MS, ოსტატი სომელიე – თურქეთი), ენოლოგი — მიხეილ მესხი (ენოლოგი, საქართველო) და ღვინის ექსპერტი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი (საქართველო).
კონკურსში ფარგლებში ჯილდო 114 დასახელების ღვინომ მიიღო. აქედან: ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა 62 სახეობის ღვინომ, ვერცხლის — 27, ოქროს მედალი — 16 სახეობის ღვინომ, სპეციალური — პრიზი ე.წ,,ტროფი“ (TROPHY) – 8 სახეობის ღვინოს გადაეცა.
,,ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა – WinExpo Georgia“ საგამოფენო ცენტრის „ექსპო ჯორჯია“ ორგანიზებით და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მხარდაჭერით უკვე მე-9 წელია ყოველწლიურად იმართება.
გამოფენაზე ტრადიციულად წარმოდგენილია როგორც ღვინო და ალკოჰოლური სასმელები, ასევე ღვინის საწარმო მანქანა–დანადგარები, აქსესუარები, გადამამუშავებელი ხაზები, შესაფუთი მასალა, მინის ტარისა და საცობის მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანიები. გამოფენის ფარგლებში მცირე და ოჯახური მარნებისა და ქვევრის ღვინის მწარმოებლების სპეციალური კუთხეც ეწყობა.