მთაწმინდის პარკში „ახალი ღვინის ფესტივალს“ ათასობით თბილისელი ეწვია. Sputnik-ი ფესტივალის ამსახველ ფოტოკადრებს გთავაზობთ.
„ახალი ღვინის ფესტივალის“ ორგანიზატორი საქართველოს ღვინის კლუბია. ფესტივალის სტუმრებს საუკეთესო ქართული ღვინოების დაგემოვნებისა და ღვინის დამზადების სხვადასხვა ტექნოლოგიების გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ.
ფესტივალზე, რომელიც მეშვიდედ ჩატარდა, წარმოდგენილი იყო უნიკალური ქვევრის ღვინოები საფრანგეთიდან, იტალიიდან, სლოვენიიდან, გერმანიიდან და ავსტრიიდან. დეგუსტაციის მონაწილეებმა დააგემოვნეს ტიერი პუზელას (Thierry Puzelat), ლორენ ბანვართის (Laurent Bannwarth), პაოლო ვიდოპივეცის (Paolo Vidopivec), Vino di Ana–სა და ტომოფუმი ფუჯიმაროს (Tomofumi Fujimaru) ქვევრის ღვინოები.
„ახალი ღვინის ფესტივალის“ მხარდამჭერები, ტრადიციულად, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო და ქალაქ თბილისის მერია იყო.