თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინიციატივით შექმნილი საგამოძიებო ჯგუფი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საგამოძიებო საქმიანობას ორშაბათიდან შეუდგება რათა ადგილზე გამოიძიოს ქართველი ჯარისკაცების მცირეწლოვანებზე შესაძლო ძალადობის ფაქტები, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
გამგზავრებამდე ჯგუფის წევრებს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი შეხვდა და 2014 წლის შემოდგომის მისიის საქმესთან დაკავშირებული საგამოძიებო საკითხების დეტალები კიდევ ერთხელ განიხილა.
„მცდარია, ფუნდამენტური შეცდომაა, როდესაც არ გაქვს მტკიცებულება, არ შეგიძლია საქმესთან დაკავშირებით რამის წარმოდგენა და შენ თავს აძლევ უფლებას ასეთი ტიპის განცხადებები აკეთო კონკრეტული ქვეყნის კონკრეტულ სამხედრო კონტინგენტთან დაკავშირებით. არ არსებობს კოლექტიური ბრალი… ამიტომ, ჩემი ამოცანა ძალიან მარტივია — ერთი მხრივ, გუნდი ცენტრალურ აფრიკაში შეეცდება ყველა ინფორმაცია წამოიღოს, რაც კი ადგილზე არსებობს. მე უკვე გაეროში შევეცდები მივიღო მათგან პასუხები იმისათვის, რომ ეს თემა ძალიან მალე დავასრულოთ და ჩვენი ბიჭების უდანაშაულობა დავამტკიცოთ,“ — განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
ე. წ. დაზარალებულებმა ჯერ კიდევ 2014 წელს აცნობეს გაეროს წარმომადგენლებს გაუპატიურებების შესახებ, რომლის მსხვერპლნიც ისინი გახდნენ უცხოელი სამხედროების მხრიდან. ამასთან სამმა მათგანმა ქართველ სამხედროებზე მიუთითა. ეს ინფორმაცია 29 იანვარს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ზეიდ რად ალ ჰუსეინმა (Zeid Ra’ad Al Hussein) გაავრცელა.
აღნიშნული განცხადების შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით 8-კაციანი საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა.
საგამოძიებო ჯგუფი თავდაცვის უწყების სამხედრო პოლიციის, გენერალური ინსპექციის, ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის, საერთაშორისო ურთიერთობათა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის დეპარტამენტების წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული. ჯგუფის წევრები არიან ასევე, საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორი და დამოუკიდებელი ექსპერტი. თავდაცვის მინისტრის თხოვნის საფუძველზე, საგამოძიებო ჯგუფს ადგილზე დახმარებას გაუწევს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი.
ცენტრალურ აფრიკაში 2014 წლის შემოდგომის მისიასთან დაკავშირებული საქმის გამოძიებას ანა დოლიძე კურირებს.
ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო მისიაში 2014 წლის შუა პერიოდიდან მონაწილეობენ.