თბილისი, 4 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო არჩევნების თარიღის დანიშვნაზე განკარგულება გამოსცა, — ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ეკა მიშველაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში კონსტიტუციის მიხედვით ოქტომბერში უნდა გაიმართოს, ხოლო წინასაარჩევნო კამპანია არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა, საქართველოს მთავრობასა და პრეზიდენტს შორის უფრო გრძელვადიან წინასაარჩევნო კამპანიაზე კონსულტაციები მიმდინარეობდა.
"საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 108-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები დაინიშნოს 2016 წლის 8 ოქტომბერს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მორიგი არჩევნები დაინიშნოს 2016 წლის 8 ოქტომბერს", — ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში.
კანონით გათვალისწინებულ ვადაში ველოდებით კონტრასიგნაციას პრემიერის მხრიდან, აღნიშნა ეკა მიშველაძემ.
პრეზიდენტის ხელმოწერილი აღნიშნული განკარგულება პრემიერ-მინისტრს უკვე გადაეგზავნა.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, ქვეყნის ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დააარსა. კოალიციამ მმართველობის ბერკეტები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გადაიბარა, რომელიც ქვეყანას, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით, ცხრა წლის განმავლობაში მართავდა.
მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ ირგვლივ, რომელიც ივანიშვილმა დააფუძნა, თავიდან 6 პარტია გაერთიანდა, თუმცა ორმა პარტიამ მისი რიგები უკვე დატოვა. დღევანდელი მდგომარეობით, პოლიტიკური გაერთიანება, ფაქტობრივად, დაშლილია — საპარლამენტო არჩევნებში თითოეული პარტია დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას.