ახალი მემარჯვენეების პოლიტიკური მდივანი მანანა ნაჭყებია:
— საზოგადოების დიდი ინტერესი სრულიად გასაგებია, აზრთა სხვადასხვაობაც მესმის, ზოგი თვლის, რომ ეს იყო ჟურნალისტური უმაღლესი პილოტაჟი, ზოგი კი პირდაპირ კრახად ნათლავს ახალგაზრდა გოგონას საქმიანობას. მე ამ მოსაზრებების შუაში ვდგავარ, თუმცა უნდა ვთქვა, რომ მეტს ველოდი სალომე ასათიანისგან, მაგრამ მივესალმები მის გამბედაობას, როდესაც დასვა კითხვები, რომელზე პასუხიც საზოგადოებას უფრო აინტერესებს ვიდრე ოცნების წარმატებები. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მან უნდა იცოდეს, რომ როდესაც მისგან ინტერვიუს იღებენ, შესაძლოა დაუსვან არასასიამოვნო შეკითხვები, ამის გამო არ უნდა გაღიზიანდეს და წყობიდან არ უნდა გამოვიდეს. გუშინდელი დღე მას აშკარად ჩაუვარდა.
საინტერესო იქნება თუ მართლა მივა რუსთავი 2-ზე. იმედია იქაური ჟურნალისტები უფრო მომზადებული შეხვდებიან და ბოლოსდაბოლოს მოვისმენთ პასუხებს კითხვებზე, რომლებზეც მის ვრცელ წერილში არაფერია ნათქვამი. აქვე დავამატებ, რომ წერილი ვინც ყურადღებით წაიკითხა ალბათ აღმოაჩინა, რომ არსად, არც ერთი სიტყვით არ თქმულა, რომ რამე, თუნდაც მცირედი შეეშალა, საუბარია მხოლოდ წარმატებებზე. დავიჯერო ასეთი წარმატებულები ვართ?
მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე:
— მინდა მადლობა მოვახსენო ბიძინა ივანიშვილს ასეთი გულახდილი და გულწრფელი წერილისთვის. თუ გაიხსენებთ იგი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ არ არის პოლიტიკოსი, თუმცა რამდენად ადექვატურია წერილის შინაარსი პოლიტიკოსის თვალთახედვიდან ეს უკვე მეორე საკითხია.
არ მინდა ყურადღების გამახვილება რამდენად მზად არიან ჩვენი ჟურნალისტები და რამდენად ღრმად არიან ჩახედული დღევანდელ პოლიტიკურ პროცესებში. ცუდია, რომ მთავარი კითხვა არ დასმულა და არც ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა საჭიროდ ამ კითხვაზე საუბარი თავის წერილში. ამ ოთხი წლის მანძილზე რატომ არ გატარდა აუცილებელი და გადაუდებელი რეფორმები ეკონომიკის დარგში, აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებში, საარჩევნო სისტემაში, სასამართლოს რეორგანიზაცია როდემდე უნდა გაიწელოს? უზარმაზარ გერმანიაში 14 სამინისტროა, ჩვენთან კი 20, ისევე როგორც სააკაშვილის დროს. არ შეცვლილა გუბერნატორების უსარგებლო ინსტიტუტი, ვინმემ ხელი ახლო ამ მონსტრს, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობის ყველაზე დიდი მუხრუჭია? სამართლიანი მართლმსაჯულების აღსრულება ხდება? დაწყებულია? სასამართლო სისტემის ცვლილებებზე საუბრობენ. მომიძებნეთ ერთი ადამიანი, რომელიც დაიჯერებს, რომ ერთსა და იმავე დღეს, დილით გიგი უგულავას ციხიდან გამოშვება და საღამოს ისევ დაპატიმრება მოხდა დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ.
ამრიგად, მიმაჩნია, რომ უფრო სერიოზული კითხვები უნდა დასმულიყო, თუმცა, არ ვიცი პასუხებს მივიღებდით თუ არა…
გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის წევრი გიორგი ახვლედიანი:
-არ მინდა ჟურნალისტზე და მის კვალიფიკაციაზე საუბარი. უფრო საინტერესო წერილის განხილვა მგონია, რადგან ივანიშვილის სტილად იქცა ხალხთან ეპისტოლარულ ჟანრში საუბარი. სიმართლე გითხრათ, სულ არ მაინტერესებს ღარიბაშვილი უფრო მოსწონს თუ კვირიკაშვილი. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია როგორ აპირებს ქვეყნის კულუარული მმართველი „ქართული ოცნების“ საარჩევნო პოლიტიკის წარმართვას და რამდენად ჩაერევა კაცი არასამთავრობო სექტორიდან არჩევნების პროცესში. თვითონ წერილი სამ ნაწილად შეიძლება დავყოთ: პირველი-რა ცუდები იყვნენ ნაციონალები და როგორ დაანგრიეს ქვეყანა 9 წელიწადში, მეორე- დღეს თუ რამე ცუდი ხდება ეს ისევ ნაციონალების და რუსთავი 2-ის ბრალია, ხოლო მესამე ნაწილი დაეთმო მოწოდებას, ნაციონალები რომ არ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, ამიტომ „ქართულ ოცნებას“ მიეცით ხმაო.
იყო ასევე ციფრები ეკონომიკიდან, რომლებიც ერთგვარ „გარნირად“ იყო მოყრილი ძირითად გზავნილზე, რომელიც ასე ჟღერდა: ქვეყნის ხელისუფლებაში უნდა დარჩეს ოცნება, ხოლო ოპოზიციაში ნაციონალები. ივანიშვილმა კარგად იცის, რომ მისი გუნდი რეალურ ოპოზიციასთან პაექრობას ელემენტარულად ვერ გაუძლებს, რადგან სრულად გამოჩნდება ამ გუნდის დილეტანტიზმი. ამიტომაც აწყობს სახედაკარგული, დამნაშავეების პარტია ოპოზიციაში, რომელთანაც ყოველთვის მართალი იქნება…
თენგიზ ჩოჩუა