ივანიშვილი: ახალი პრემიერი ძველზე უფრო პრინციპულია

© photo: Sputnikბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიძინა ივანიშვილი ირწმუნება, რომ მმართველ გუნდზე გავლენის მოსახდენად არანაირი დამატებითი ბერკეტები არ გააჩნია, ხოლო ახალი პრემიერ–მინისტრი ძალიან კომპეტენტური პიროვნებაა.

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყნის მოქმედი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი მის წინამორბედზე, ირაკლი ღარიბაშვილზე მეტად პრინციპულია.

„ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხშირად ჩემს რჩევებს არ ისმენდა, დღევანდელი პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი კიდევ უფრო პრინციპულია და უფრო მეტი გამოცდილება აქვს საკუთარი მოღვაწეობით, მენეჯმენტით“, — განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და რადიო „თავისუფლების“ ერთობლივ გადაცემაში სტუმრობისას.

ივანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არანაირ მითითებას არ აძლევს კვირიკაშვილს, მიუხედავად იმისა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და „რუსთავი 2“ განუწყვეტლივ ცდილობენ საზოგადოების ამაში დარწმუნებას.   

„ამას არ ვაკეთებდი არც ღარიბაშვილის დროს, მასაც ჰქონდა კომპეტენცია და მშვენივრად მართავდა ქვეყანას და ასევე, მაღალი კომპეტენცია გააჩნია კვირიკაშვილს. არ ხდება ისე, რასაც გვიხატავენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. არ ხდება ისე, როგორც საუბრობს „რუსთავი 2“. ის, რომ (კვირიკაშვილმა) მე შეიძლება დამირეკოს და შემეკითხოს, ამაში რაიმე დანაშაული არ არის. ან შეიძლება რაღაც საკითხებზე შეხვედრაც მთხოვოს და ჩემი აზრი მოისმინოს ამაში სახიფათო არაფერი არ არის. გადაწყვეტილებას ღებულობს მხოლოდ კვირიკაშვილი გარწმუნებთ“, — განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0