მინისტრები მთავრობაში „ძველი ბიჭების“ არსებობას უარყოფენ

გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობაში „მოძველბიჭო დაჯგუფებების“ არსებობის ეჭვი აქვს.

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პრეზიდენტ მარგველაშვილის განცხადების პასუხად ამბობს, რომ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ქვეყნის მთავრობაში „ძველი ბიჭები“ არ შეუნიშნავს.

შეგახსენებთ: გუშინ ქვეყნის მეთაურმა კორცხელის ინციდენტის კომენტირებისას აღნიშნა, მმართველ კოალიციაში მოძველბიჭო დაჯგუფება არსებობს, რომელმაც წარმატებით გადმოიბარა „ნაციონალური მოძრაობისგან“ ზონდერული პოლიტიკა.

ავლაბრის რეზიდენცია - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი მარგველაშვილი: მსგავს ინცინდენტს არ ჰყავს გამარჯვებული

„სამი წელი და რვა თვეა რაც მთავრობაში ვარ და სიტყვას გაძლევთ, რომ არცერთი ძველი ბიჭი მთავრობაში არ მინახავს“, — განაცხადა სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას.

პრეზიდენტის ნათქვამს გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილიც.

„პრეზიდენტის ეჭვებზე ვერაფერს გეტყვით. შემიძლია მხოლოდ ის ინფორმაცია მოგაწოდოთ, რომელიც მე მაქვს: არ არსებობს არანაირი სპეცჯგუფი და არც არავინ აპირებს რაიმე ტიპის სპეცჯგუფის შექმნას“, — აღნიშნა ქუმსიშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერი: კორცხელის პრეცედენტი არ უნდა დარჩეს დაუსჯელი

პრეზიდენტის განცხადებას ასევე გამოეხმაურნენ ოპოზიციიდანაც. „ნაცმოძრაობის“ წევრი, დეპუტატი მიხეილ მაჭავარიანი დარწმუნებულია, რომ გიორგი მარგველაშვილმა ზუსტად იცის, ვის უკავშირდება ეს „დაჯგუფება“.

„პრეზიდენტმა კარგად იცის, ქართულ ოცნებაში ვინ არიან და მოძველბიჭო კრიმინალებს ვინ ხელმძღვანელობს. თუ არ იცის, ვეტყვი, რომ პარტიის გენერალური მდივანთან, კალაძესთან არის დაკავშირებული ის ჯგუფი, ვინც ასეთ ამბებს აორგანიზებს“, — განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

ყველა ახალი ამბავი
0