თბილისი, 22 მაისი — Sputnik. კორცხალის #53-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გააკეთა.
„ჩვენ ვგმობთ ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას. პრეზიდენტის აზრით, უნდა გავაცნობიეროთ, რომ მსგავს ინცინდენტს არ ჰყავს გამარჯვებული, არამედ ჰყავს დამარცხებული. იმ ადამიანების გარდა, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს ფიზიკური დაზიანება, დაზარალებულია ამომრჩეველი და საქართველოს სახელმწიფო ინტერესები. არჩევნებში მთავარი მოქმედი პირია ამომრჩეველი, რომელსაც სურს მშვიდ ვითარებაში დააფიქსიროს თავისი პოზიცია“, — განაცხადა პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ეკა მიშველაძემ გამართულ ბრიფინგზე.
მიშველაძის განცხადებით, პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ შესაბამისი ორგანოების მხრიდან უსწრაფეს ვადაში მოხდება დამნაშავეთა ვინაობის დადგენა და მათ მიმართ სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
კორცხალის #53-ე უბანზე ”ნაციონალური მოძრაობისა” და ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.