თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურა სასამართლოს თხოვნით მიმართავს, არ დააპატიმროს სოფელ კორცხელში თვითმმართველობის შუალედური არჩევნების დროს მომხდარი ჩხუბის მონაწილეები, რა დროსაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, განუცხადა ჟურნალისტებს ქვეყნის მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ.
შეგახსენებთ: გუშინ პროკურატურამ ჩხუბის ექვს მონაწილეს წაუყენა ბრალი. ხუთი მათგანი წინასწარ განზრახვით ჯგუფურ ხულიგნობაშია ბრალდებული, ერთი კი ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით ხულიგნობაში.
„ამ ეპიზოდთან დაკავშირებით დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა, კონკრეტულად 6 პირი სს კოდექსის 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით პასუხისგებაში არის მიცემული, რაც ჯგუფურად ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს. სავარაუდოდ დღეს, პროკურატურა მიმართავს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე შუამდგომლობით. პროკურატურა ითხოვს გირაოს გამოყენებას“, — განაცხადა შოთაძემ.
შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა 24 მაისს განაცხადა, რომ ჩხუბში მონაწილე პირები აუცილებლად უნდა იყვნენ დაკავებულები. ამ განცხადებიდან ცოტა ხანში კორცხელის ინციდენტის მონაწილე ექვსივე პირი საკუთარი ნებით გამოცხადდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც მათ ექვსი საათის განმავლობაში კითხავდნენ.
არცერთი მათგანი არ დაუკავებიათ, ვინაიდან ისინი გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არიან. თუმცა „ნაცმოძრაობა“ მათ დაუყოვნებლივ დაპატიმრებას მოითხოვს.